ინტერვიუ ზურაბ რთველიაშვილთან

 

 

(საქართველო)

 

 

 

 

 როდიკა დრაგინჩესკუ:  – რთველიაშვილი – პოეტი-პერფორმერი-შტურმი-ტაიფუნი-ტორნადო, როგორსაც დღეს იშვიათად თუ შეხვდებით. კეთილი იყოს  ზურაბ, თქვენი მობრძანება  Levure littéraire სამყაროში!  მწერლებთან და არტისტებთან  ინტერვიუს ყოველთვის სახელზე საუბრით ვიწყებ და არც თქვენთან დავარღვევ ამ ტრადიციას. ძალიან მომწონს თქვენი სახელი, რომელშიც პოეზია, ხმაური, ენერგია და მეტამორფოზა თითქოს  ერთადაა დატეული. მოდით ცოტა რამ  თქვენს სახელზეც გვიამბეთ  და იმ კარგსა თუ ცუდზე, რაც ამ სახელმა მოგიტანათ.

 

ზურაბ რთველიაშვილი: – პირველ რიგში, მინდა,  მადლობა მოგახსენოთ ასეთი გულუხვი კომპლიმენტებისათვის ჩემს არტისტულ იმიჯთან დაკავშირებით, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ჩემთვის, როგორც  ადამიანისთვის, რომლისთვისაც  პოეზია  ცხოვრების მთავარ კრედოდ და აქტიური თვითგამოხატვის საშუალებად იქცა …რაც შეეხება ჩემს სახელს, რამდენადაც  ვიცი, ზურაბი ანტიკური ხანის სპარსეთში  წითელი შეფერილობის ძვირფასს ქვას, იმავე  ლალს აღნიშნავდა, ხოლო ლიტერატურული დატვირთვა ამ სახელმა X საუკუნის დიდი სპარსი პოეტის ფირდოუსის პოემის « შაჰნამე » შემდეგ შეიძინა. სწორედ ამ ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ გმირს ჰქვია ზურაბი… ზოგადად კი, ცალკე აღებული ნებისმიერი სახელი ვერბალური კლიშეა და ნაკლებად შესაძლებელია, რომ მას ჩვენთვის თავისთავად მოჰქონდეს რაიმე სახის ზიანი ან წარმატება. სახელებს არქმევენ ავტომობილებს, გემებს, თვითმფრინავებსა და  კოსმიურ ხომალდებს, მაგრამ მათ შემდგომ ბედს განსაზღვრავს ის ერთადერთი, რომელიც  საჭეთი მანიპულირებს, მანქანის სვლა-გეზს, გადადგილების მასშტაბებსა და მის ექსპლუატაციის ხარისხს განსაზღვრავს. საბოლოო ჯამში ალბათ მხოლოდ ის ქმნის  ამ სახელიდან ბრენდს…

 

რ.დ.: – პლატონი თავის დიალოგში „კრატილოსი“ მსჯელობს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს თანხმოვნებისა და ხმოვნების არსებობა ბავშვის სახელზე, ბავშვის, რომელიც ერთხელაც უნდა გაიზარდოს. როგორი ბავშვი იყო ზურაბი, როგორი ბავშვობა ჰქონდა, როგორი სიყმაწვილე და როგორი გახდა ის მოგვიანებით?

 

ზ.რ:  – ვფიქრობ, ძალზე დროულად და საინტერესოდ შემოვიდა ჩვენს დიალოგში პლატონიც და ალბათ შემთხვითი არაა ისიც, რომ თქვენ სწორედ მისი « კრატილიოსი“ ახსენეთ. ვეცდები, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრო და შეძლებისდაგვარად გავშალო ეს თემა …

 

არ ვიცი,  განა შეუძლია დღეს ვინმეს მოძებნოს ზუსტი განსაზღვრება იმისა, თუ რისგან შედგება ან რასთან ასოცირდება ჩვენი ბავშვობა? ცნობიერი ნაკადის ადამიანები მეტ-ნაკლებად თანხმდებიან რომ სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სავსეა ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი შეგრძნებებისგან, ვიზუალიზაციებისაგან და ამ შეგრძნებებს  სტატიკური ბუნება არ გააჩნია  …

 

ამჯერად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ბავშვობა შედგება სხვადასხვა  ხმებისა და არომატების კოლაჟისაგან. მათ არ აქვთ პირდაპირი კავშირი აზრობრივი ანუ ვერბალური ნიშნებისაგან აგებულ ისტორიებთან.  ასეთი მიდგომა საშუალებას მაძლევს, დავხატო სხვა ტიპის  ენერგოინფორმაციული სურათი, რომელიც შეიძლება  სულაც არ შეესაბამებოდეს სხვის წარმოდგენებს იმ ფენომენზე, რომელსაც ჩვენ ბავშვობას ვეძახით …

 

 

 

 

მაგალითად, ჩემს მეხსიერებას მკვეთრად შემორჩა მისტიკური მგლის ხატი, რომელიც ბავშვობაში ჯერ ხმის სახით შემოიჭრა ჩემში და უკვე მოგვიანებით  მოხდა მისი ვიზუალიზაცია. წარმოიდგინეთ, 4-5 წლის ბავშვი, რომელიც მშობლებმა სახლში მარტო დატოვეს,  უახლოვდება ჩაკეტილ კარებს და კლიტის ვიწრო ღრიჭოდან მას მკაფიოდ ესმის მგლის გაბმული, ყურთასმენის წამღები ყმუილი. ეს იყო სრულიად იდუმალი, სულის შემძვრელი ხმა. მე ვუსმენდი მას გაფაციცებით, ერთ ადგილზე გახევებული და ამ ხმას ჰქონდა თავისი მძაფრად გამოკვეთილი ფერები, თითქოს რაღაცნაირი ხასხასა მწვანე და წითელი ტონალობებით შეზავებული. დიახ, ზუსტად ასეთი ფერები ჰქონდა ამ ხმას… შემდეგ  იდუმალი მგლის სილუეტიც  გამოჩნდა ბნელი კორიდორის ბოლოს, ჩვენ დავრჩით პირისპირ ამ სიმარტოვეში და ჩვენ უმალ გადავიქეცით ყველაზე ახლობელ არსებებად ერთმანეთისთვის. არასოდეს დამავიწყდება ეს მომაჯადოებელი შეგრძნება, რომელიც  მე მთელი ცხოვრება  მომყვება… მოგვიანებით კი აღმოვაჩინე მაღალ აღმართზე ტანჯვით აღმავალი ტროლეიბუსის კვნესის ხმა, მძიმე რკინის კარების მელოდიური ჭრიალის ხმა ქარში და მრავალი სხვა. მაგალითად, კიდევ ინდუსტრიული შემოქმედების შედეგად შექმნილი უცნაური არსებების ხმოვანი კომპოზიციები, ბევრად ბუნებრივი და საინტერესო ვიდრე ზოგიერთი კომპოზიტორის მიერ ხელოვნურად შექმნილი ნიმუში. ალბათ ეს გამოცდილება საფუძვლად დაედო მოგვიანებით ჩემს განსაკუთრებულ ინტერესს ისეთი არტისტების შემოქმედებისადმი, როგორებიც არიან კარლ-ჰაინც შტოკჰაუზენი ან თუნდაც ჯონ კეიჯი.  ზოგადად ავანგარდისტული ტრადიციისადმი დიდი სიმპათია, როგორც ჩანს, სწორედ იმ დროს ჩაისახა ჩემში, ცხადია,  გაუცნობიერებელი იმპულსების დონეზე …

 

 

 

 

ისევე როგორც მილიონობით ჩემი თაობის წარმომადგენელი, მეც დავიბადე და ვიზრდებოდი საბჭოთა კავშირის არსებობის ყველაზე გარდამტეხ მონაკვეთში, მომსწრე ვარ, როგორც იმპერიის პოლიტიკური ძლევამოსილებისა, ასევე მისი დაკნინებისა და დაშლის… 5 წლის ასაკში მამაჩემმა მაზიარა ზოგიერთ აკრძალულ ხილს, მაგალითად ტვისტსა და შეიკს. არალეგალურად გადაწერილი როკ-ენ-როლის რიტმები ხშირად ისმოდა ჩვენს პატარა და მყუდრო ბინაში, თუმცა ისიც მახსოვს, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე კინოთეატრში ნანახმა ეიზენშტეინის ფილმმა « ალექსანდრე ნეველი »  და შოსტაკოვიჩის გენიალურმა მეცხრე სიმფონიამ, რომელიც ძველი ყავისფერი რადიომიმღებიდან ხშირად მესმოდა. ის რომ ეს ნაწარმოები ამ კომპოზიტორს ეკუთვნოდა, ცოტა  მოგვიანებით გავიგე. მაშინ კი ჩემი ბავშვური სმენისთვის, პირველ რიგში, მის მომნუსხველ ჟღერადობას ჰქონდა მნიშვნელობა. შემეძლო დიდი ხნის განმავლობაში ვმდგარიყავი კედლის რადიოს წინ და წარმოსახვითი ორკესტრისთვის მედირიჟორა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მარტოდ მიწევდა ყრუდ გამოკეტილ ბინაში დარჩენა. მახსოვს, მაშინ დირიჟორობაზეც კი ვოცნებობდი … ზეპირად ვსწავლობდი საბავშვო და არც ისე საბავშვო ლექსებს და გამოთქმით, ხმამაღლა ვუკითხავდი შინაურ აუდიტორიასა და ზოგჯერ ოჯახის სტუმრებსაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ჩემი პირველი სამსახიობო გამოცდილება, ჩემი პირველი პერფორმანსები…

 

რ.დ.:ზურაბ, თქვენი ფიზიკური შესახედაობა ძალიან შთამბეჭდავია. თქვენ მთების გადადგმა და ათასობით ეიფელის კოშკის დანგრევა შეგიძლიათ. მაინტერესებს, თქვენი თვალთახედვით როგორი ჩანს პოეზიის სამყარო დღეს?

 

ზ.რ.: – თქვენმა სიტყვებმა გამახსენა ანარქიზმის ერთ-ერთი ადეპტის მიხეილ ბაკუნინის სტატია: « რეაქცია გერმანიაში » – აი როგორ მთავრდება ეს ცნობილი ტექსტი: დე, მოგვეცით ნება თავი მივანდოთ მარადიულ სულს, რომელიც მხოლოდ იმიტომ ანადგურებს და აცამტვერებს ირგვლივ ყვლაფერს , რომ იგი თავად არის ველურად მარადი შემოქმედი  ყოველი ცოცხალისა, ხოლო  სწრაფვა  განადგურებისკენ სხვა არაფერია,  თუ არა   მუდმივი, უწყვეტი შემოქმედებითი პროცესისკენ სწრაფვა“… ჩემი აზრით,  ეს არის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი, რომელიც მიგვანიშნებს რევოლუციის ნამდვილ ბუნებაზე, მის არისტოკრატიზმსა და არა სპონტანურ, ძალადობრივ ხასიათზე.

ყველა გამოჩენილი სულიერი ან საზოგადო მოღვაწე, რევოლუციონერი და რეფორმატორი, პოეტური ენერგეტიკის მატარებელია. მნიშვნელობა არა აქვს, თავად  რას არქმევს ის საკუთარ საქმიანობას, თეორიულ ნაშრომსა თუ  ქადაგებას. განა ბაკუნინის ეს ტექსტი არაა მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში?

 

შივა იმიტომ არ ანადგურებს სამყაროს რომ საბოლოოდ მოსპოს, ეს ბევრად ღრმა, ტრანსცენდენტული პროცესია, რომელსაც განახლების პოეზია ახლავს მუდამ. ბასტილია ბოლომდე თუ  არ დაინგრევა,  არც გზა  გამოჩნდება ახალი ცნობიერებისკენ, ვინც ავტოდაფე მოაწყო, სასტიკად დამარცხდა, რადგან კაცობრიობას პოზიტიური განახლების პერსპექტივა ვერ შესთავაზა. დესტრუქციაზე აგებული დოქტრინა ზომბირებული ადამიანივით გამოიყურება, ეს არის სიკვდილის კულტურის მანიფესტაცია რომელსაც მომავალი არ გააჩნია. ამის ნათელი მაგალითებია ბოლშევიზმი, ფაშიზმი და კიდევ სხვა მსგავსი სოციალ-პოლიტიკური ბოროტება…

 

 

 

 

იმისათვის რომ ნაწილობრივ მაინც  გიპასუხოთ შეკითხვაზე, თუ როგორ გამოიყურება დღეს, ჩემთვის,  თანამედროვე პოეტური სამყარო, ისევ პლატონს მივუბრუნდები,  რომელიც  შემთხვევით არ გაგახსენდებოდათ. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი წარმოდგენით, პლატონი ისეთივე მნიშვნელოვანი პოეტია, როგორც მისი თანამემამულე ჰომეროსი და გლობალური ფილოსოფიური პერფორმანსიც მან  წამოიწყო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნოვატორული პოეტიკით. პლატონმა  გამოიყენა  ფილოსოფიური თამაში, როგორც იმ დროისთვის მის ხელთ არსებული ყველაზე მოსახერხებელი კონსტრუქცია, პლატფორმა, რაზეც შემდეგ  თავისი უკვდავი პოეტური დიალოგები დააშენა. ამიტომაც მისი ორიგინალური განაზრებები უფრო მოქნილ, პოეტურ მეტაფორებად შეიძლება აღვიქვათ, ვიდრე აქსიომად ან  დასაზღვრულ თეორემებად, რაც უფრო მეტად მისი  მოსწავლისა და ანტიპოდის, არისტოტელეს მიერ საყოველთაოდ დამკვიდრებული აზროვნების კულტურაა…

 

 

 

 

პოეზიას რადიკალურად განსხვავებული ბუნება აქვს,  ის მუდამ გახსნილია სამყაროს მარადცვალებად ვერსიებზე სასაუბროდ. თქვენს მიერ ზემოთ ნახსენებ ერთ-ერთ თავის დიალოგში « კრატილოსი », პლატონი ხაზგასმით საუბრობს ვერბალური ცნობიერების შეზღუდულ ბუნებასა და გამომხატველობით შესაძლებლობებზე. მას ფაქტიურად აბსურდულ თამაშამდე დაჰყავს ეს საკომუნიკაციო ფენომენი. ასეთი ტიპის ანარქისტული ხედვა შეიძლება მხოლოდ პლატონისა და ნიცშეს კატეგორიის მოაზროვნე პოეტებს ახასიათებდეთ…

 

რ.დ.: –  რატომ პოეტი და არა პოლიტიკოსი ან  მაგალითად გენერალი ან რატომ პოეტი და არა ვთქვათ ქირურგი? რას ეძებთ პოეზიის სამყაროში?

 

ზ.რ.: – მე ვიტყოდი, რომ პოეტი თეორიულად ბევრად მეტ როლს ითავსებს,  ვიდრე თქვენს მიერ აქ ჩამოთვლილი თანამდებობებია: პოლიტიკოსი? თავისთავად, პოეტი შეუძლებელია არ იყოს პოლიტიკოსი,  თუკი ის ადეკვატურად აღიქვამს მის გარშემო არსებულ  რეალობას. ის აუცილებლად მოახდენს რეფლექსიას მსოფლიოში და,  რა თქმა უნდა, მის ქვეყანაში წამოჭრილ მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე… კულტურული პოლიტიკის ბატალიებში ჩართული პოეტი წარმოუდგენელია არ იყოს გენერალი, სტრატეგი, რომელიც თანამედროვე ლიტერატურაში ახალ მიმართულებებსა  და პერსპექტივებს განსზღვრავს… ამ დროს ის ეფექტურად იყენებს მის არსენალში არსებულ ყველა თეორიულ და პრაქტიკულ იარაღს… ქირურგი? რატომაც არა, პოეტი საუკეთესო ქირურგია, ალბათ უფრო ნეიროქირურგი, რომელიც თავისი ეთერული ხელით ფრთხილად შედის თანამედროვე ცნობიერების ნატიფ ქსოვილში,  რათა აღმოაჩინოს კონკრეტული თუ ზოგადი მასშტაბის დარღვევები, დაზიანებები ან დამაბრკოლებელი მიზეზები, რომლებიც ცნობიერების ნორმალურ ფუნქციონირებას, მის განვითარებასა და ზრდას უშლის ხელს. ეს ასპექტები შეიძლება იყოს პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური და სხვა.

 

ისტორიას ახსოვს არცთუ ისე ბევრი  პოეტი და მწერალი,  რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა, როგორც ეპოქის კულტურულ, ასევე მის სოციალურ-პოლიტიკურ გარემოზე,  ზოგჯერ, ერთი შეხედვით, სრულიად ურთიერთგამომრიცხავ ამპლუაშიც კი: მაგალითად, ასეთი იყო დიდი ფრანგი ყაჩაღი პოეტი ფრანსუა ვიიონი, რომელზეც მაიაკოვსკი  ერთ თავის ცნობილ ლექსში წერდა: « როდესაც არ წერდა ლექსებს, მაშინ ყაჩაღობდაო ». ასევე   ცნობილი, პორტუგალიელი მამაცი მეზღვაური და  პოეტი ლუიშ დე კამოენსი,  თანამედროვე პორტუგალიური ლიტერატურის სულისჩამდგმელი … გავიხსენოთ, არტურ რემბო, მეამბოხე და სკანდალისტი პოეტი. ვლადიმერ მაიაკოვსკიზე რაღას იტყვით? პოეტი-რევოლუციონერი, როგორც ლიტერატურული, ასევე პირდაპირი გაგაგებით …

 

 

 

 

იაპონური კულტურის უკანასკნელი სამურაია იუკიო მისიმა, რომელმაც პოეზია  ხარაკირის რიტუალამდე აიყვანა, მან ამით არა მხოლოდ იაპონური სინამდვილე გამოფატრა, ჩემთვის  ეს ფატალური პერფორმანსი ბევრად უფრო მასშტაბური აქციის სიმბოლოა… და ბოლოსდაბოლოს გაბრიელე დანუნციო – პირველი მსოფლიო ომის გამოჩენილი გმირი, სამხედრო მფრინავი, თანამედროვე იტალიური ლიტერატურის კლასიკოსი  და ფუძემდებელი მსოფლიოში პირველი პოეტური რესპუბლიკისა ფიუმე, რომელმაც წელიწადზე მეტ ხანს  იარსება, ჰქონდა საკუთარი, ლექსის ფორმით დაწერილი კონსტიტუცია, ჰიმნი და დროშა.  ეს გამორჩეულად მნიშვნელოვანი და საინტერესო პრეცედენტია ჩემთვის, რადგანაც ეს რესპუბლიკა გახლდათ ერთ-ერთი პირველი, ყველაზე უფრო მეტად მისაღები საზოგადოებრივი მოწყობის მოდელი, რომელიც შეიძლება პოეტს, არტისტს წარმოედგინა თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში, მოდელი რომლის სრულყოფას ბევრი რამ სჭირდებოდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს უპრეცედენტო პროექტი  XX საუკუნის დასაწყისში განხორციელდა. ერთადერთი, რაც მიუღებელია ჩემთვის დანუნციოს ბიოგრაფიაში, არის ის, რომ მიუხედავად მისი მცდელობისა, ყოფილიყო მაქსიმალურად ავტონომიური, როგორც პოეტი და  მოქალაქე,  ის  მაინც ვერ გაექცა გარკვეულ დონეზე მუსოლინისთან ურთიერთობას. თუმცა როგორც ხელოვანი, ის ყოველთვის მაღლა იდგა ნებისმიერ სოციალურ-პოლიტიკურ დოქტრინაზე და  მისი სტიგმატიზირება, როგორც მაგალითად კნუტ ჰამსუნის, სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ მოახდინონ ამ უნიკალური პროექტის  გლობალურად, ოფიციოზის დონეზე  მარგინალიზაცია, რადგან ძლიერი და ცენტრისგან დამოუკიდებელი ინტერესთა ჯგუფების არსებობა მოსვენებას არ აძლევს ხელისუფლებებს, რომლებიც თავის მხრივ დამოკიდებული არიან ტრანსნაციონალური კოორპორაციების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ნებაზე…  გარდა ამისა, ჩვენს  ეპოქაში კვანტური ცნობიერება დღითიდღე აქტიურად  იკიდებს ფეხს,  თანამედროვე ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით იცვლება და იხვეწება, ავტონომიური, თვითმართვადი  ინტერესთა ჯგუფების მასიური წარმოქმნა და პლანეტაზე გავრცელება  მხოლოდ  დროის საკითხია, მალე ჩვენ ყველანი გავხდებით ამის მომსწრე.  20-30 წელი ისტორიისთვის  შეიძლება ითქვას არაფერია. როგორც ხედავთ, ძალზე საინტერესო დროში გვიწევს ცხოვრება, ამას ჯერ კიდევ ბევრი ვერ აცნობიერებს და ისევ ძველი სააზროვნო მოდელებით, ინერციით, მექანიკურად აგრძელებს მოძრაობას …

 

 

 

 

ჩემს გარშემო  ვხვდები   ძალზე ცოტა  მწერალსა და  გნებავთ არტისტს, რომელიც   დიდი ძალისხმევის  ხარჯზე ცდილობს   ლინგვისტური მატრიციდან გამოვიდეს და გამოიკვლიოს ახალი, მისთვის საინტერესო საკომუნიკაციო საშუალება, რომელზეც შემდეგ მიეცემა შანსი, ააგოს ალტერნატიული ცნობიერების შემამზადებელი საკუთარი ვერსია… თუმცა რამდენად შესაძლებელია ეს ჩვენს დროსა და პირობებში? დროგამოშვებით ასეთი შეკითხვაც ჩნდებოდა  ჩემს თავში… ალბათ ზემოხსენებული მატრიცის დატოვება ყოვლთვის იყო შესაძლებელი – ახლა და აქვე ვპასუხობ ჩემს მიერვე დასმულ  შეკითხვას…

 

მე ვიცნობ ასევე ბევრ ხელოვანს, რომელიც დაუღალავად, დამკვრელურად, თითქოს დაზგასთან,  უწყვეტად არის ჩართული შრომით პროცესში და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მისთვის, როგორი იდეური ან ესთეტური დიზაინი აქვს ამ დაზგას… მე ხშირად მინდა ვუთხრა, უფრო სწორად შევძახო ამ პატიოსან და უდავოდ ნიჭიერ ადამიანებს, რომ მათი მამა, რომელმაც   დიდი ხნის წინ  ეს მატრიცა ააგო, სულ ახლახანს მოკვდა.  მამა, ვისაც გულით უყვარდა თავისი მასწავლებელი, მაგრამ ყოველთვის იხრებოდა ურყევი ჭეშმარიტების მხარეს, მოკვდა!… ალბათ ზოგს გაახსენდება აქ სერვანტესის მიერ პერიფრაზირებული არისტოტელე, რომელიც თავის მხრივ პერეფრაზირებას უკეთებს პლატონის სიტყვებს მისი ცნობილი დიალოგიდან… თუმცა აქ მე ბევრად უფრო მასშტაბური ფენომენის სიკვდილს ვგულისხმობ, ვიდრე ამ ორი დიდი ავტორიტეტის მიერ შექმნილი სააზროვნო სისტემებია…

 

მამა მოკვდა! მამა მოკვდა! მამა მოკვდა! კვლავ დაჟინებით ვიმეორებ ამ უკვდავ ფრაზას და მახსენდება ჩემი ერთ-ერთი პერფორმანსი ამ თემაზე, სახელწოდებით « Papa was a Trolling Stone » , რომელსაც ერთი შეხედვით აქვს პოლიტიკური კრიტიკის ფორმა, თუმცა ის უშუალოდ იმ ტოტალურ სიყალბეს ეხება, რომელსაც ჰქმნის და ტირაჟირებას უკეთებს ვერბალურ ცნობიერებაზე აგებული გლობალური სისტემა. ამიტომ  ახალი თაობის პოეტმა მინდა გაიგოს და გააცნობიეროს, რომ მამა მოკვდა და  ძველი ცნობიერების საიქიოში გაიყოლა ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დოქტრინა და ერთადერთი ბოლო, საკულტო ობიექტი, რომელიც გონებაგახსნილმა, მომავლის მკაფიოდ მჭვრეტელმა ადამიანმა თან ჩააყოლა გარდაცვლილი მამის გვამს, იყო, რაღა თქმა უნდა, პოსტმოდერნისტული თამაშებისთვის დაწერილი პროვოკაციული სცენარი…

 

რ.დ.: – ზურაბ, თქვენ 1967 წელს დაიბადეთ ყარაგანდაში, ყაზახეთში. რამდენად მოახდინა თქვენმა ბავშვობამ გავლენა თქვენს ბედსა და თქვენ პოეტურ უნივერსუმზე? როგორი მოგონებები დაგრჩათ ბავშვობიდან, პირველი კარგად რა გახსენდებათ და პირველი მწარე გამოცდილება ბავშვობაში როგორი იყო?

 

 

 

 

ზ.რ:: ყველაზე არათეატრალური და ამასთან ერთად აღსავსე მოულოდნელი სევდისა ან სიხარულის პოეზიით  არის ჩვენი ბავშვობა …

ახლა რთულია გავიხსენო ის ნათელი დღეები და მათთან დაკავშირებული სასიხარულო განცდა, რადგან ასეთი ბევრი იყო: პირველად ფართო აუდიტორიისთვის  გამოთქმით წაკითხული ლექსი ნ.ბარათაშვილის „მერანი“, რომელსაც მოჰყვა პირველი აპლოდისმენტები სკოლის საკონცერტო დარბაზში; პირველი საბავშვო მანქანა – ლურჯი ფერის ფორდი, რომელიც დედამ და მამამ  საჩუქრად ბალტიისპირეთიდან ჩამომიტანეს. იმ დროს ის იყო ჩვენს ეზოში ერთადერთი მანქანა სატრიალებელ პედლებზე,  რომელსაც მე ვმართავდი, როგორც დამოუკიდებელი და ამაყი მძღოლი. მახსოვს,  გოგოებმა შორს მოისროლეს პლასტმასის თოჯინები და რიგრიგობით  მისხდებოდნენ მანქანაში მხიარული ჟივილ-ხივილით. თანატოლი ბიჭების უმრავლესობა კი პირიქით, შორიდან მიმზერდა და იშვიათად თუ ვინმე ბედავდა მოსულიყო და ეთხოვა, საჭესთან დამესვა. მე სიამოვნებით ვთანხმდებოდი მანქანის თხოვებაზე, რადგან რაღაცნაირად მომწონდა ეს საერთო დღესასწაულის შეგრძნება და ის რომ  ამ ზეიმის  ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეც ვიყავი…

 

 

 

 

ყველაზე მძიმე პირველი გამოცდილება კი,  რომელმაც სამუდამოდ დატოვა ტკივილისა და სევდის კვალი ჩემში, იყო მშობლების დაშორება… ასეთ დროს, ალბათ,  ბევრი ოჯახური წყვილი ვერც კი აცნობიერებს თუ რამხელა  ტრამვას აყენებს ბავშვის ფაქიზ, ზემგრძნობიარე ფსიქიკას… და თუკი დღეს, ჩემში,  უცბად ჩნდება ხოლმე დიჰოტომიური განწყობა, განსაკუთრებით კი სერიოზული გადაწყვეტილების მიღების წინ,  ვიცი რომ ის  ნაწილობრივ ჩემი ბავშვობიდან მოდის… მშობლების დაცილების გამო მეც დავკარგე მთლიანი სამყაროს აღქმით გამოწვეული სიხარული, რადგან ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ ყველა სათუთ და განსაკუთრებულ შეგრძნებას  ვანაწილებდი ჩემს გულში ორად, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ორი ადამიანისთვის, ვცდილობდი რამდენადაც შემეძლო,  შემეკავშირებინა ეს ადამიანები, რათა სამივეს კვლავ ერთად გვეზეიმა  სამყაროს ნათელი, ყოველდღიური დღესასწაულები, მაგრამ უშედეგოდ. სამწუხაროდ  მხოლოდ ჩემი ნება არ ჰყოფნიდა ამ ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალის აღდგენას…წლების განმავლობაში ხან დედა სტაცებდა ჩემს თავს მამას და ხან პირიქით, ამიტომ ჩემი ბავშვობის დიდმა ნაწილმა, შეიძლება ითქვას, თვითმფრინავებში, ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაფრენისას გაიარა …

 

საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ მე მამასთან ავღმოჩნდი, რა დროსაც ქრონიკულად მენატრებოდა დედა და  ძალზე მტკივნეულად განვიცდიდი მის სიშორეს, მიუხედავად იმისა, რომ დედა იშვიათად მაინც ახერხებდა ჩემს მონახულებას.

 

 

 

 

გავიდა წლები,  საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ყველამ შეიცვალა მისამართი,  გართულდა ყოფილ მეზობელ რესპუბლიკებს შორის ადამიანების გადაადგილება , რასაც ასევე ართულებდა საქართველოსა და რუსეთის  მწვავე ურთიერთდაპირისპირება. იმპერიას არ სურდა ასე იოლად შეგუებოდა პოლიტიკური გავლენის დაკარგვას თავის ყოფილ კოლონიებში, საქართველო კი პირველი ქვეყანა იყო,  რომელიც დიდი ხნის  შეუპოვარი ბრძოლის შედეგად  საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გავიდა. ამას მოჰყვა კრემლის მხრიდან წამოსული არაერთი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია,   რამაც საბოლოო ჯამში საომარ დაპირისპირებამდე მიიყვანა საქართველო და რუსეთი. ასეთ არეულ და უფრო მეტად გართულებულ ვითარებაში, ჩემსა და დედას შორის კავშირი საერთოდ გაწყდა და მხოლოდ 25 წლის  პაუზის შემდეგ, ბედნიერი შემთხვევის შედეგად,  მე ისევ შევხვდი დედას, რომლის ნახვის იმედიც უკვე თითქმის გადაწურული მქონდა …

 

უცნაურია, მაგრამ ჩვენი ხელახალი დაშორებაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს  ომით დასრულდა. სწორედ მაშინ,  როდესაც  გემზე ვაცილებდი დედას და ჩემს უმცროსს დას, რუსეთს  საქართველოს 20%-ზე მეტი უკვე  ოკუპირებული  ჰქონდა.

 

ბუნებრივია ყოველივე ზემოთქმულმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს, როგორც თქვენ ბრძანეთ, პოეტურ უნივერსუმზე და არა მარტო. წლების განმავლობაში მე ვყალიბდებოდი ანტიიმპერიალისტურად განწყობილ მეამბოხე ადამიანად, რაშიც დიდი როლი ითამაშა მამაჩემის მამამ, საბჭოთა რეჟიმის მიმართ მტრულად განწყობილმა პიროვნებამ, რომელიც შემთხვევით გადაურჩა ციმბირში გასახლებას თავის სტუდენტობის პერიოდში, ანტისაბჭოთა კრიტიკის გამო, თუმცა ციხეს მაინც ვერ ასცდა. იგი წელიწადზე მეტ ხანს იჯდა НКВД-ს საგამოძიებო იზოლატორში,  რომელიც  ტუბერკულოზით მძიმედ დაავადებულმა დატოვა, გადაუდებელი ოპერაციის შედეგად მას ცალი ფილტვი მოჰკვეთეს – ასეთი იყო ის მძიმე საფასური,  რომელიც მან რეჟიმთან დაპირისპირებისთვის გადაიხადა.

 

ჩემი პირველი სერიოზული კონფრონტაცია საბჭოთა იდეოლოგიასთან მოხდა 1983 წელს, როდესაც საბჭოთა საქართველო აღნიშნავდა რუსეთთან ეგრეთწოდებული  შეერთების 200 წლისთავს …სინამდვილეში კი ეს იყო იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის საძულველი თარიღი, რომელსაც მე, 13 წლისა, გამოვეხმაურე ერთსტროფიანი ანტისაბჭოთა ლექსით, სადაც ამ იუბილეს აღნიშვნას მონების ზეიმს ვუწოდებდი. საკლასო ოთახის შავ დაფაზე თეთრი ცარცით  გამოვსახე  ეს სიტყვები, რასაც ბუნებრივია მოჰყვა ისტერია სკოლის მასწავლებლების მხრიდან. სინამდვილეში კი უნდა ითქვას, რომ მეც და ჩემს ახლობლებსაც ბედმა საოცრად გაგვიღიმა,  რომ აღარ იყო  სტალინის მმართველობის პერიოდი, როცა რეჟიმის მსგავსი კრიტიკისათვის  ციმბირში გადასახლება საოცნებო იქნებოდა…

 

1988 წელს დასრულდა ჩემი იძულებითი სამსახური საბჭოთა ჯარში. სახლში დაბრუნებისთანავე თავით გადავეშვი დისიდენტურ, ანტისაბჭოთა მოძრაობაში, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს  საბჭოთა იმპერიიდან გამოსვლა და სუვერენიტტის მოპოვება იყო… იმ ეპოქაში,  როდესაც არ არსებობდა ინტერნეტი და მსგავსი  საკომუნიკაციო საშუალებები, ჩვენ ტელეგრაფის მეშვეობით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. წინასწარ დათქმულ დროს მივდიოდი ქალაქის მთავარ სატელეფონო კვანძში და იქიდან ვესაუბრებოდი ჩემს თანამოაზრე კოლეგებს, რომლებიც გაბნეული იყვნენ ვილნიუსში, პეტერბურგში, ტალინში, მოსკოვში, კიევსა  და სხვა ქალაქებში. სპეციალური დაშიფრული მინიშნებებით ვახდენდით საჭირო ინფორმაციის გაცვლას ერთმანეთში. მათგან ვიგებდი,  თუ რა სიახლეები იყო მათი ქვეყნების დისიდენტურ ცხოვრებაში, მაგალითად რა ტიპის საპროტესტო აქციები და ღონისძიებები ჩატარდა მათ ქალაქებში  და ჩემი მხრივ  ინფორმაციას ვაწვდიდი თბილისური მოვლენების შესახებ … ჩემ მიერ მოპოვებული მასალა შემდეგ იბეჭდებოდა იტაკქვეშა გამოცემაში  « კვალი » … და რაღა თქმა უნდა ჩვენი თაობის ბევრი აქტიური,  მსგავსს საქმიანობაში ჩართული ადამიანი  მუდმივი თვალთვალის ობიექტი იყო. „კაგებე“ არ ერიდებოდა არც მუქარას, არც შანტაჟს, ხშირ შემთხვევაში ისე მოქმედებდა, რომ თავად არც სჩანდა, მაგალითად მოვიდოდა უბნის პოლიციის ინსპექტორი და მკაცრად გვაფრთხილებდა, რომ თუ ერთი თვის განმავლობაში არ დავიწყებდით  მუშაობას,  ჩვენს საქმეს სასამართლო განიხილავდა და უსაქმურობის მუხლით მოგვისჯიდა ერთ წელს შრომაგამასწორებელ კოლონიაში.  მე კი ახალი ჩამოსული ვიყავი ჯარიდან და მინდოდა ჩემთვის საყვარელი საქმიანობით ვყოფილიყავი  დაკავებული – ბევრი მეწერა და  ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლა… 1988 წლის ნოემბერში საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩატარდა ყველაზე  პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელმაც  არამარტო დედაქალაქი, არამედ ქვეყნის რეგიონებიც მოიცვა, ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ერთადერთი მოთხოვნით. განურჩევლად ყველას,  დიდსა და პატარას სურდა საქართველოს გამოსვლა საბჭოთა იმპერიის შემადგენლობიდან, ხოლო პოლიტიკური ბუნტის სცენაზე, ყველაზე თვალშისაცემ ადგილას აღმოჩნდა რამოდენიმე ასეული ახალგაზრდა, რომელმაც მთავრობის სასახლისწინ  უვადო შიმშილობა გამოაცხადა, მანამდე, ვიდრე კრემლი არ აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამ თავქარიან ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი …

ახლა, ალბათ,  ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ რამხელა რისკს შეიცავდა ასეთი რადიკალური აქციები საბჭოეთის პერიოდში. ვფიქრობ,  გაწვრთნილი ლომის ფართედ დაფჩენილ ხახაში ნაკლებად საშიშია თავის შეყოფა ვიდრე  აგონიაში მყოფი ბოლშევიკური ურჩხულის წინ გამომწვევი, ნაციონალური ცეკვის შესრულება, მაგრამ,  როგორც იტყოდა ემმა გოლდმანი, მას არ სჭირდება რევოლუცია, რომლის დროსაც იგი ვერ შესძლებს ცეკვას. მეც იმავეს ვიტყოდი ცოტა სხვაგვარად – არასდროს  მიტეცებდა ისეთი ბუნტი ან რევოლუცია, რომლის ცეკვასაც მე თავად ვერ შევსძლებდი, ასე იყო 1989-ში  და 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროსაც…

 

 

 

 

რ.დ: ჩემი მოკრძალებული გამოცდილებით, თუ ჩვენ განსხვავებულები ვართ, ძლიერები, გამორჩეულები, მამაცები ვართ პოეზიაში, უარესი ვიდრე პოლიტიკაში, მაშინ ეს კიდევ უფრო მტკივნეულად აღიქმება ვიდრე ანარქია, რადგან სამყარო პოეზიას აღიქვამს, როგორც საუნდებით ხატვას, გრძნობების კორიანტელს, ინტიმურ სიბრძნეს. და ამ სამყაროს ეშინია ფეთქებადი პოეზიის, ანგაჟირებული პოეზიის, რომელიც ბოროტებას ხახაში უვარდება და ებრძვის. თქვენი შემოქმედება ეს საჩუქარია, ნიჭია თუ ძალაუფლება?

 

ზ.რ.: – გამართული ტექსტის შექმნა ვერბალური ნიშნების გამოყენებით, დღეს ნებისმიერს შეუძლია, ის კი არა და კარგი, კომერციული გაგებით ნიჭიერად დაწერილი ნაწარმებიც აღარაა უკვე იშვიათობა… ასეთი   მწერალზე იტყვიან ხოლმე ზოგჯერ მისი კოლეგები , რა გინდა ? რას ერჩი ? ამან წერა მაინც იცის და არც თუ ისე ცუდად გამოსდისო. შეიძლება პოპკულტურა სწორედ ასეთი მწერლებისა და რეჟისორების ხარჯზე არსებობს , მაგრამ ზოგადად კულტურულ ნოვაციებთან  მათ არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეთ, პირიქით პირდაპირ თუ ირიბად ისინი ერთგულად ემსახურებიან პურისა და სანახაობის ფილოსოფიასა და ესთეტიკას…მაშ,  გეკითხებით, რამდენად მნიშვნელოვანია მწერლისთვის, კვანტური ცნობიერების ეპოქაში, იყოს  მხოლოდ ტექსტის კარგი, თუნდაც დიდოსტატი შემსრულებელი?… სხვათა შორის  ვერბალურ ნიშნებს  საკმაოდ ეფექტურად ითვისებენ პრიმატებისა და ფრინველების გარკვეული სახეობები, თუმცა ამის გამო ისინი  ადამიანური ცივილიზაციის ნაწილად არ ქცეულან და არც მხატვრული ნაწარმოების შექმნა უცდიათ და ან რაში სჭირდებათ ეს მოუხერხებელი, ხელოვნური თამაში? მათ ხომ არ აქვთ თავისუფალი თვითგამოხატვის პრობლემა? … არც შინაგანი ცენზორი ჰყავთ, რომელიც ზღუდავს და გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს მათ განწყობებს, ვიდრე ისინი კონკრეტულ მოქმედებებად იქცევა… მაგალითად, შიმპანზეს არ სჭირდება დამატებით ჰქონდეს პროზაკოსის სტატუსი ან გაგიგიათ პოეტი-კაკადუ, ყორანი-პოეტი?… ვერც ვერასოდეს გაიგებთ,  ხოლო ის, რაც ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება, მათ შორის საქართველოში, საბჭოთა პერიოდის დასაწყისს მაგონებს. მაშინ ყველა დარგში, მათ შორის კულტურაშიც დამყარდა პროლეტარიატის დიქტატურა – ეს უინტელექტო ფორმალისტური ტალღა რომელმაც ჯერ აგრასიულად შეავიწროვა, ხოლო შემდეგ ფაქტიურად გამოდევნა მოწინავე თანამედროვე ტენდენციები ქართული ლიტერატურიდან და ზოგად ხელოვნებიდან. იგივე მოხდა პოსტსაბჭოთა ეპოქაშიც.  ავანგარდული ხელოვნება,  რომელიც ხელახლა 70-წლიანი პაუზის შემდეგ,  90-იანებში იკიდებდა ფეხს და 2000-იანების დასაწყისამდე მოიტანა თავი, კვლავ გახდა მარგინალური და გადაინაცვლა ვირტუალურ ანდერგრაუნდში, რადგან რეალური ანდერგრაუნდი ამოქოლა მეინსტრიმმა ნეობოლშევიკური ესთეტიკის სამწერლო დაჯგუფებების აქტიური დახმარებით.  ამ დაჯგუფებებს კულუალურად მართავენ პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების ცოლები, ქმრები, უბრალოდ ბიზნეს ან სექსპარტნიორები … ხშირად ასეთი ადამიანების ხელშია კონკრეტული არტპროექტის ან ლიტერატურული გამოცემის ბედი, ისინი არც თუ ისე იშვიათად  თავს ასაღებენ პოეტებად და არტისტებად, აქტიურად იყენებენ მათ ხელთ არსებულ გავლენას როგორც მეინსტრიმში მოქცეულ ცნობილ მწერლებზე, ასევე სახელმწიფო ბიუროკრატიის საშუალო რგოლზეც…  მინდა, ისევ უშუალოდ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას მივუბრუნდე – მაშ, როგორ აღიქვამს სამყარო პოეზიას, ანუ სამყარო,  რომლის მთავარი, განმსაზღვრელი ნიშანი არის ვერბალური კომუნიკაციისა და ცნობიერების ფორმა, სამყარო რომელიც  დღემდე ისევ ეყრდნობა  სტატიკურ ჭეშმარიტებებსა და იმავდროულად ისიც იცის, რომ ნებისმიერ წამში შეიძლება შეიცვალოს არსებული სტატუს-კვო,  ყველაფერი ის, რაზეც აგებულია მისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება … განა შესაძლებელია ასეთი არაშემოქმედებითი სამყარო იყოს ღია რადიკალურად ახალი ტიპის პოეზიისთვის?… სწორედ ამიტომ კარგად უნდა გააცნობიეროს თანამედროვე ადამიანმა, რომ  პოეზია, როგორც მხოლოდ  ტრადიციული  თვითგამოხატვის საშუალება  პოეტისათვის რა ხანია მოკვდა. ეს ბევრად ადრეც მოხდებოდა, უბრალოდ მაშინ არ არსებობდა ისეთი მასიური კომუნიკაციის საშუალებები, როგორიცაა ინტერნეტი.  ახლა კი, ამ უდიდესი შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგიამ შექმნა უჩვეულო, ადამიანისთვის აქამდე არ არსებული ვირტუალური ილუზია, რომ თითქმის ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რასაც გასწვდება ადამიანის ფანტაზიის დიაპაზონი, არის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ნებისმიერისათვის, მიუხედავად მისი ინტელექტუალური განვითარების დონის, დამსახურებისა და კონკრეტულ სფეროში შეტანილი წვლილისა, ერთი სიტყვით, მიუხედავად ყველაფრისა… და ეს ყველაფერი ვირტუალურ თამაშებს რომ არ სცილდებოდეს,  საერთოდ არ იქნებოდა საშიში. მაგრამ  საქმე იმაშია,  რომ ყოველივე ამან აბსოლუტურად ლეგიტიმური ფორმები შეიძინა, განსაკუთრებით კი, თუ კარგად დავაკვირდებით, ეს მასიურად ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც მილიონობით ინჟინერმა, ფერმერმა, მასწავლებელმა, ფაბრიკის მუშამ და სხვამ,  დაკარგა სამუშაო ადგილი და ზოგადად დაკარგა ფუნქცია როგორც სოციუმის სრულფასოვანმა წევრმა. ასიათასობით ადამიანი ფიზიკურად განადგურდა და ეს მოხდა ყოვლად ანტიჰუმანური, ველური კაპიტალიზმის შემოჭრის პირობებში, ყოველგვარი ომისა  ან ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი მასობრივი რეპრესიების გარეშე, რადგან ადამიანებს ძველი სისტემის დანგრევის შემდეგ, აღარ გააჩნდათ ელემენტარული  სახსრები, რომ  საკუთარი თავი და ოჯახები გამოეკვებათ … ხოლო ის ვინც გადარჩა ფიზიკურ განადგურებას,  მასიურად გაიქცა ინტერნეტში, სექტაში, ეკლესიაში და ა.შ. რადგან ეს გახდა მათთვის ფსიქოლოგიური თავდაცვისა და გარკვეული მორალური კონპენსაციის საშუალება, თუმცა ყველაზე ძლიერი, მასიური მანიპულატორი მაინც ინტერნეტი გამოდგა – მან შექმნა ყველაფერზე ხელმისაწვდომობის ილუზია, ყოვლისშემძლეობის შეგრძნება. არა, თქვენ არ იფიქროთ, რომ მე ვარ თანამედროვე ლუდისტი და მოვუწოდებ ადამიანებს, ზურგი შეაქციონ უახლესს ტექნოლოგიებს, მასიურად გამორთონ  ლეპტოპები და გამოვიდნენ ინტერნეტსივრციდან. პირიქით, დღეს კაცობრიობა ისე, როგორც არასდროს, ახლოს დგას ყველაზე დიდი ტექნოლოგიური აღმოჩენების წინაშე, რომელებიც  განსაზღვრავს  ჩვენი მომავალი ცივილიზაციის ბედს. თუ კი გონივრულად,  ცნობიერად მივუდგებით ამ ნოვაციებსა  და გამოვიყენებთ მათ არა ვირტუალური, არამედ რეალური თვითგადარჩენისა და თვითგამორკვევისათვის …

 

 

 

 

ახლანდელი ფაქტობრივი რეალობა კი ასეთია: ყველაფრის ხელმისაწვდომობის და მასობრივი ნებადართულობის ილუზიამ ყველაზე მეტად დააზარალა კულტურის სფერო, ის რაც არ იყო სათანადოდ დაცული დილეტანტიზმის მოზღვავებული ექსპანსიისგან, ადამიანური ცივილიზაციის ყველაზე სათუთი, მგრძნობიარე სფერო და ეს მაშინ,  როცა მატერიალურ დოვლათზე გადანაწილების მონოპოლია და მთელი ერების ბედის გადაწყვეტის ნება ისევ რჩება მოძველებული, ძალადობრივი პოლიტიკური-სოციალური სისტემების ხელში. პოეტი და ზოგადად შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანი გახდა უბრალოდ მსხვერლშეწირვის ობიექტი ამ ტოტალური ილუზიის სამსხვერპლოზე … სამაგალითოდ კი სისტემა სჯის მათ,  ვინც ღიად ალაპარაკდა და გაასაჯაროვა ყველაზე მთავარი, მასშტაბურად საჭირბოროტო ინფორმაცია, რომლითაც შეარყია ყველაფერზე ხელმისაწვდომობისა და ნებადართულობის მასობრივი ილუზია… ძველი სისტემის, ძველი ცნობიერების პირობებში ეგალიტარიანიზმის პოსტმოდერნისტულმა  ვერსიამ რომ ვერ იმუშავა, ესეც ცხადზე ცხადია …ძველ, პრეისტორიულ კულტურებში პოლითეისტურ რელიგიებს ამოფარებული სისტემა ურჩ გმირებს ღმერთების სახელით სჯიდა, ანუ ადრეანტიკურ და ანტიკურ ხანებში უხილავი ინკვიზიცია მოქმედებდა, რომელმაც კავკასიის ქედზე მიაჯაჭვა ძველი ქართული ეპოსის და ბერძნული მითების გმირები: ამირანი და პრომეთე,  ხოლო  მათზე ბევრად ადრე რეპრესიებს თავისი ცნობისმოყვარეობისა და დაუოკებელი ამბიციების გამო არ ასცდა შუმერი მეფე გილგამეში … მხოლოდ მონოთეისტური რელიგიების დროს, სისტემა იძულებული გახდა  ნაწილობრივ ეჩვენებინა საკუთარი ანფასი, ხილული ინკვიზიცია ახლა უკვე ქრისტეს სახელით სწვავდა სრულებით რეალურ კოცონზე მათ, ვინც მოახერხა საკრალურ სერვერში  შეღწევა და  ინფორმაციის გასაჯაროება, მაგალითად:  ჯორდანო ბრუნო, იან გუსი ისე დაწვეს, რომ მათ შემდეგ ფერფლიც კი არ დარჩა, ნიკოლაი კოპერნიკი მისი წიგნის გამოცემიდან თითქმის 100 წლის შემდეგ აკრძალეს, ხოლო დიდი დანტე ალგიერი ბეწვზე გადაურჩა ინკვიზიციის კოცონს,  რომელიც მას ფლორენციის ხელისუფლებამ დაუსწრებლად მიუსაჯა…თუკი ადრე ქრისტეს სახელით იმართებოდა მრავალწლიანი,  ჯვაროსნული ომები, რომელთა ნამდვილი მიზეზი ურჯულოთა ასეულობით ქალაქის გაძარცვა იყო, თანამედროვე დასავლური სისტემა იმავე  მიზნით,  ოღონდ უკვე დემოკრატიის სახელით, შედის ნავთობითა და სხვა წიაღისეულით მდიდარ რეგიონებში… ჯულიან ასანჟის მსგავსს გმირებს, რომელიც  საიდუმლო ინფორმაციის გახმაურებას ბედავს, სისტემა აღარ აბამს ფოლადის ჯაჭვით კავკასიის ქედზე, მათ ის უსჯის სამუდამო პატიმრობას  ან რომელიმე ქვეყნის საელჩოს ოფისში ცოცხლად ასამარებს … აქვს კი დღეს  პოეტს ან არტისტს რაიმე რეალური ზეგავლენა აუდიტორიაზე? … მე ვსაუბრობ ხელოვანზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს თავის დანიშნულებასა  და ადგილს ახალი ცივილიზაციის გასაფორმებელ სივრცეში… გუშინწინ,  9 აპრილს, როდესაც ჩვენს თეატრში მიმდინარეობდა გენერალური რეპეტიცია, დარბაზში შეშლილივით შემოვარდა ადმინისტრაციის თანამშრომელი და ვიდრე იგი  ხმას ამოიღებდა, ყურში ნაცნობი ქალაქების სახელებმა გაიელვეს: პარიზი, ბრიუსელი, ბერლინი, ლონდონი  და თითქოს მივხვდი, რომ  ტერორიზმის  მანქანამ ამჯერად ჩემს სტოკჰოლმსაც გადაუარა … რეპეტიცია შეწყდა,  ყველა პანიკამ მოიცვა… და ჩემში, ისევე როგორც სხვებში,  წამში გაქრა ყველაფერი ხელოვნური, თეატრალური და მაშინ  მივხვდი,  რომ ასეთი მასშტაბის საზარელი მოვლენა კლავს ხელოვნებაში, სცენაზე თუ წიგნის ფურცელზე გათამაშებული ნებისმიერი ტრაგიზმის და ტრიუმფის შეგრძნებას. აბათილებს ყველანაირ ბუტაფორიულ ბუნტსა და რევოლუციას, ეს იმას ჰგავს,  როცა კაზიმირ  მალევიჩის შავ კვადრატს უყურებ თეთრი კედლის ფონზე… ასეთ შემთხვევაში ქრება ყველა სხვა ფერი და სამყარო ხდება ზედმიწევნით ზუსტი და მკაცრი, რომ  ხელახლა დაგანახოს საკუთარი მრავალფეროვნება და  შენ ხედავ მის უშველებელ სახეს პირდაპირ ანფასში, ხედავ განსაკუთრებით მკვეთრად,   ყოველგვარი მაკიაჟის  გარეშე და კიდევ ერთხელ  ხვდები,  რომ  თეატრი მოკვდა, ყველანაირი შესაძლებელი თეატრი, არა მხოლოდ აკადემიური ან თუნდაც რომელმე ვთქვათ ავანგარდული ესთეტიკის, არამედ ყველა: პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური თეატრი ერთბაშად მოკვდა და აღარ დარჩა ადგილი

არც წუხილისათვის, არც აღფრთოვანებისათვის. მოკვდა ერთი დიდი ეპოქა, თეატრის ეპოქა მოკვდა და მალევიჩის შავი კვადრატი,  როგორც ფარდა, კიდევ

ერთხელ დაეშვა ფინალში, ამ  თეთრი, გაკაშკაშებული ეთერის ფონზე … ბოლოს

კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს დავამატებდი,  რომ ეს ტექსტი შევა,  როგორც ამ ინტერვიუში, ასევე პარალელურად  ჩემს სხვა ტექსტში საკუთარი ავტონომიური საზღვრების შენარჩუნებით , თუმცა ეს საზღვრები იმდენად პირობითია და მკრთალი, რომ პირველივე ძლიერი კატაკლიზმა მათ უკვალოდ წაშლის რომ  შეუმზადოს ნიადაგი რადიკალურად ახალი ტიპის კულტურის აღმოცენებას… ტერორისტის აფეთქება კლავს ლიტერას და მის გავლენას ადამიანის ცნობიერებაზე, მაგრამ ის ვერაფერს დააკლებს  პარავერბალური პოეტიკის ამოუწურავ  ვერსიებს, ჩვენი ვერბალური ისტორია სამყაროში არსებული ასეულობით მილიარდი,  მარად განახლებადი ვერსიების მხოლოდ ერთ-ერთი ნაირსახეობაა,  რომელიც უახლოვდება თავის ლოგიკურ დასასრულს, თავისი ხედვით პოეტი მხოლოდ ეხმარება ამ დასარულის დაჩქარებას, რითაც პარალელურად  ამზადებს განსხვავებულ სააზროვნო სივრცეს სამყაროს განვითარების ახალ, კოსმიურ ციკლში…

 

 

 

 

რ.დ.: – თქვენ პოეტი ხართ და ამავე დროს მულტიმედია არტისტი, პერფორმერი. როგორ გამოძერწეთ თქვენი სტროფები, თქვენი უმთავრესი  სათქმელი და გზავნილი? როგორც ავტორმა, რა როლი, რა მისია  დააკისრეთ თქვენ პოეტურ ხმას? თქვენი პოეტური ხმა უფრო ესთეტიურია, ლირიული, პოლიტიკური, სოციალური, საზოგადოებრივი თუ კიდევ რაიმე სხვა?

 

ზ.რ.: – ძერწვა ალბათ კარგი შესატყვისია იმ პროცესის, რისგანაც შემდეგ

ყალიბდება პოეტური ან სამოქალაქო ცნობიერება. პოეზია ჩემი შინაგანი მდგომარეობაა,  რომლის პროეცირებას შემდეგ ვახდენ გარესამყაროში, ეს არაა მხოლოდ ლიტერაზე დამოკიდებული ადამიანის მცდელობა, ფეხი მოიკიდოს სამოქალაქო საზოგადოებაში. პოეტი თავადაა ამ პროცესის გენერატორი და სულის ჩამდგმელი.მე ვქმნი მასალას, უფრო სწორად არსებული მასალიდან ვქმნი პოეტურ ფორმებს. ეს შეიძლება იყოს ბუნტიდან აღებული დეტალები, იმ ბუნტიდან, რომელიც მე ჩავიფიქრე და შემდეგ მოვახდინე მისი მატერიალიზაცია … ნებისმიერი გრძნობა,  რომელიც დაიბადა ჩემში, იქცა იმ რეალობად, რომლის მიღებაც მე მსურდა… პოეზიას ვერაფერს დააკისრებ,  შენ თავად ხდები იმ მისტიური დინების ნაწილი, რომელიც ხომალდს იქითკენ მიმართავს, საიდანაც გარე სამყაროში ისვრიან ყვავილებს, ისმის მხიარულ კისკისი,  ზარბაზნების ხველება, მოწოდებები ბუნტისკენ … ნებისმიერი აქციონისტური პერფორანსი ჩემი ხმაა, რომელიც შეიცავს ყველანაირ ასპექტს,  მათ შორის   პოლიტიკურს, სოციალურს, კულტურულსა  და რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია კოსმიურ სმენას,  რომელიც ამ ყველაფერზე მაღლა დგას…

 

 

 

 

რ.დ.: – თქვენი პოეზიისთვის თქვენ ორიგინალური და მოულოდნელი კონცეპტი შექმენით. ტექსტებს ორიგინალურად და გამორჩეულად წარადგენთ მაყურებლის წინაშე. მაინტერესებს ტექსტის შექმნის შემდეგ, ვიდრე მის  პოეტურ-პოლიტიკურ შოუდ/პერფორმანსად ქცევამდე, როგორ გამოიყურება თქვენი შემოქმედებითი ლაბორატორია? შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეული გზაა, ერთგვარი აზრობრივი მოგზაურობა, რომელიც იწყება პირველი იდეის ფურცელზე გადატანიდან და სრულდება როდესაც უკვე საჯაროდ, პუბლიკის წინაშე წარდგებით?

 

ზ.რ.: -კონცეპტი, რომელიც ავირჩიე, ალბათ ყველაზე უფრო მეტად შეესაბამება  ჩემს შინაგან პოეტურ სამყაროსა და მის დღევანდელ მდგომარეობას… ჩვენ ვდგავართ ენის მიღმიერი პოეზიის დაბადების წინაშე… პოეზია, გარკვეულწილად იბრუნებს თავის პირველად ბუნებასა და ამავე დროს ხდება უახლესი იდეების მატერიალიზაციის მოწმე და მონაწილეც,  პოეტში ორი პოლუსია ყველაზე მნიშვნელოვანი – რეალისტური და ფუტურისტული, ის საღად აღიქვამს რეალობას და ადეკვატურ რეაქციას აძლევს ყოველთვის ნებისმიერ, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენაზე, მაგრამ ის არასოდესაა ამ მოვლენებზე მიბმული ან დამოკიდებული, ფუტურიზმი პოეტის თანმდევი განწყობაა, რომელიც მას ძირითადად ამოძრავებს და აინტერესებს. ის რეალობას არასოდეს  უვლის გვერდს, სწორედ რეალობაა ის,  რაც აბალანსებს მის ტრანსცენდენტალურ წრმოდგენებსა და მისწრაფებებს… დაახლოებით 10 წლის წინ ერთ რამეში დავრწმუნდი: თუ არტისტი შემოფარგლულია ერთ კონკრეტულ წრეში, მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს  რეტროგრადული პოეტური სალონი თუ საკუთარ კონცეპტუალურ თამაშში ღრმად გამოკეტილი ავანგარდისტული ჯგუფი, თანამედროვე პირობებში ვერც ერთი და ვერც მეორე  გავლენას ვერ მოახდენს ფართო სოციუმზე და მით უმეტესს ვერ განსაზღვრავს კულტურული პოლიტიკის ვექტორს…  პოეტის შემოქმედებითი ლაბოროტორია შეიძლება იწყებოდეს რევოლუციურ ბარიკადზე და მთავრდებოდეს სადმე უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ობსერვატორიაში, საიდანაც ადამიანი  ცდილობს, გაიგონოს იმ სამყაროს ხმა, რომლიდანაც  თავად წარმოიშვა, როგორც მოაზროვნე და სულიერი არსება. მაგრამ ასეთი სახის ნატიფი მცდელობა არ უნდა გამორიცხავდეს მის მჭიდრო და უშუალო კავშირს საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც ცდილობს გააცნობიეროს სოციალური და პოლიტიკური კრიზისის მიზეზები და  სტაგნაციიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს, მათ შორის მიმართავს რევოლუციებს ან მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებს. მხოლოდ ასეთი ბალანსის ზღვარზე არსებობს ჩემთვის ის შემოქმედებითი ველი, სადაც  ვპოულობ საჭირო მასალას ჩემი შემოქმედებისთვის.  მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საკვანძო არტისტული კონცეფცია « პოეზიის დიქტატურა » გაჩნდა სწორედ ამ ზღვარზე, ქუჩაში აღმართული ბარიკადის და კოსმიური ობსერვატირიის გადაკვეთაზე, როდესაც 2007 წელს 200 000- იან საპროტესტო მიტინგზე ჩემთან რიგრიგობით მოვიდა რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მთხოვა,  ისინი გამეშვა ჩემს წინ როგორც გამომსვლელები, ანუ დამეთმო მათთვის ავანსცენა ორატორიისთვის და ამას ხსნიდნენ შემდეგნაირად: ჩემი გამოსვლის მერე მათთვის არც თუ ისე იოლი იქნებოდა მრავალათასიანი აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა. სწორედ ამ დროს დაიბადა ჩემი « პოეზიის დიქტატურა » როგორც კონცეპტი, მე მივხვდი რომ ნახევარი საათის ან თუნდაც 10-იოდე წუთის განმავლობაში შემეძლო მომეწყვიტა საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი დიდი ნაწილი პოლიტიკოსების დემაგოგიისგან და დამემყარებინა მათ გულებში და ცნობიერებაში ყველაზე ჰუმანური დიქტატურა დედამიწის ზურგზე – პოეზიის და სიყვარულის დიქტატურა, რომელიც ამავე დროს შეზავებული იყო ამბოხებისთვის აუცილებელი  ყველა საუკეთესო  ინგრედიენტით…

 

 

 

 

რ.დ.: რა საკვანძო სიტყვების და მნიშვნელოვანი კონცეპტების გარშემო ისახება/იქმნება  თქვენი შემოქმედება? ვინაა თქვენი ტექსტი-პერფორმანსების სამიზნე ჯგუფი, ვისთვის

 

 

 

 

ზ.რ.:   – ძალიან სიმბოლურია რომ ბოლშევიკებმა გაუქმებულ ეკლესიებში თეატრები გახსნეს. მაგალითად,  თბილისში 60-80 წლებში იყო მეტეხის თეატრი, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებში  საკულტო ტაძარს წარმოადგენდა, მოგვიანებით ტყვიაწამლის საწყობი გახდა, ხოლო რუსეთის მიერ საქართველოს საბოლოო ოკუპაციის პერიოდიდან  გადაკეთდა საპატიმროდ, სადაც ბოლშევიკურ გადატრიალებამდე  ბევრი ცნობილი ტუსაღი იხდიდა სასჯელს, მათ შორის იოსებ სტალინი და მაქსიმ გორკი.  როგორც ბოროტი ენები ამბობენ,  დიდი ალბათობით, მწერლის პირველი ნაწარმოებები  ამ ციხეში იწერებოდა.  როცა გასული საუკუნის 60-იან წლებში, აქ თეატრი დაარსდა, აზრად  არავის მოსვლია, დაედგათ  მისი რომელიმე ნაწარმოები, თუნდაც მსოფლიოში კარგად ცნობილი პიესა « ფსკერზე ». 80- იანი წლების ბოლოს მეტეხმა ისევ დაიბრუნა საკულტო დაწესებულების სტატუსი და თეატრი ისევ ეკლესიად იქცა… ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ძველი თეატრი მოკვდა,  ახალი კი ჯერ არ დაბადებულა… ახალი სულიერებისა და ესთეტიკის შემომტანი თეატრი, რომელსაც ასევე გაუჩნდება მნიშვნელოვანი საკულტო დატვირთვა, როგორიც თავის დროზე  ეკლესიას ჰქონდა. ვიზუალურ ეპოქაში, უახლესი კოსმიური ტექნოლოგიების ეპოქაში თეატრი ვეღარ გაუწევს კონკურენციას კინემატოგრაფს და მითუმეტესს ურთულესს კიბერარტსისტემას,  რომელსაც თავისი კონკრეტული, რაციონალისტური მიზნები ამოძრავებს. გარდა ამისა, ინტერნეტ ოკეანეში ყველანაირი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც შეიძლება მოიძიოს ცოდნას მოწყურებულმა ადამიანმა. მაგრამ მას სჭირდება,  სულ ცოტა, ისეთი გიდი, რომელიც  შეძლებს მეტ-ნაკლები კონსულტაცია გაუწიოს ტექნოლოგიური და სულიერი თავგადასავლების მაძიებელს. ახალი თეატრი კი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ასეთი ფუნქციით, ახალმა თეატრმა ახალი რიტუალური დატვირთვა უნდა შეიძინოს, აუდიტორიასთან ცოცხალი,  უშუალო ურთიერთობით  ახალ სულიერება და ესთეტიკა დაამკვიდროს…

 

 

 

 

ასეთ თეატრებში კი უნდა იყვნენ ახალი ტიპის რეჟისორები, რომლებიც  ნეოფუტურისტულ ლიტურგიებს დადგამენ და ადამიანებს სპეციალურ ინფორმაციას  გადასცემენ და როგორც მისტიკოსები ამბობენ,  მათ  ახალ ეონში შესასვლელად შეამზადებენ. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ასეთი თეატრალური ჯგუფები ზოგჯერ კომედი დელარტეს  მსგავსად უნდა მოძრაობდნენ სხვადასხვა სივრცეში და შეიძლება ორი ან სულაც ერთი ადამიანისგანაც შედგებოდეს, რადგან ეს არ არის ხელოვანთა კლუბების მიერ ორგანიზებული ლიტერატურული ან სხვა თავშესაქცევი შეხვედრები მოსახლეობის გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებთან… ამის გათვალისწინებით, მე უფრო ახალი ტიპის ხალხოსანი არტისტი ვარ, პოეტი,  რომელსაც კონკრეტული სამიზნე ჯგუფი არ გააჩნია.  ვცდილობ, ვიყო ყველასთვის გახსნილი,  როგორც ინფორმაციის და ენერგეტიკის გამცემი…  ჩემი დღევანდელი არტისტული პრაქტიკაც დაახლოებით ასეთი კონცეპტუალურ-რიტუალური პერფორმანსებისაგან შედგება. როდესაც ეს ხდება თეატრთან უშუალო თანამშრომლობით, ასეთმა აქციამ შეიძლება სპექტაკლის სახეც მიიღოს…

 

რ.დ.: – გეხმარებათ თუ არა თქვენ ხმის სიძლიერე/ჟღერადობა და მაგიურობა, თქვენი სხეული/გარეგნობა  და პირველ რიგში თქვენი სასცენო შესახედაობა? რა რეაქცია აქვთ თქვენს მკითხველსა და მაყურებელს თქვენი პერფორმანსების  დროს? სჭირდება თუ არა ამ ყველაფერს რეჟისურა/წინასწარი დადგმა თუ ეს ყველაფერი (შემოქმედება, პერფორმანსები) მარტო თქვენი თვითგამოხატვისა და  პირადი ხედვის დაფიქსირების საშუალებაა, რომ გადმოსცეთ ის, რაც  გადაგხდათ, იგრძენით ან რისი წინათგრძნობა გაქვთ?

 

ზ.რ: გარეგნობას ხშირად შეცდომაში შეჰყავს ადამიანი  და,  ვფიქრობ, პოეტისა და ზოგადად მწერლის შემთხვევაშიც ასეა – პოეტი შეიძლება არცთუ ისე პოეტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ყველაზე რთულია, გაუგო ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს პოეტს უწოდებს და  უკანასკნელი, აუტანელი  ბიუროკრატივით იქცევა. ისეც ხდება, რომ პოეტს კეთილი ინჟინერის ან ბიბლიოთეკარის გარეგნობაც აქვს. გარეგნობით, ჩაცმის მანერით უფრო მეტად მხატვრის, მსახიობის, მუსიკოსის ან ვთქვათ, ქორეოგრაფის გამორჩევა შეიძლება, ხოლო პოეტს,  მისი ხმა, განსაკუთრებით კი ტექსტის კითხვის მანერა გამოარჩევს.  ამიტომაც მე ცალკე  აღებული ხმის შესახებ მოგიყვებით ერთ ისტორიას:  ერთხელ  ჩემი ძველი პროექტის კურატორი ბიბი ვოპენკო  გოტებორგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის წინ გულისყურით მიხსნიდა,  რომ თითქმის ყველა ჟურნალისტი გაფრთხილებული ჰყავდა ჩემი პრეზენტაციის შესახებ, მაგრამ არანორმალურად გადატვირთული დღის გამო, არ იყო დარწმუნებული იმაში, თუ რამდენი მედეამუშაკი მოაღწევდა ჩემამდე  და აი მოვიდა ჩემი პეზენტაციის დროც, დრო როდესაც ზვიგენს უნდა ამოეყვინთა ოკეანის ფსკერიდან. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბიბის არ ჰქონდა მოსმენილი ჩემი  ლექსი  « ზვიგენი ». მახსოვს,  როდესაც ამ ლექსის კითხვა დავიწყე, გაოგნებული და ცოტა დაბნეული  ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორების სოლიდურმა ჯგუფმა ალყა შემოგვარტყა, ამას მოჰყვა ვრცელი ინტერვიუები წამყვანი გაზეთების პირველ ფურცლებზე. აი, სულ ესაა,  რისი თქმაც შემიძლია  ხმის ვიბრაციასა, თუ მის საინტერესო თვისებებზე.  სწორად პროექცირებულ,  პოეტურ ხმას ბევრი სასწაულის მოხდენა შეუძლია –  ხმით შეიძლება ხმაურის დახშობაც და  ცნობიერების კონკრეტულ ტალღაზე მომართვაც.

 

 

 

 

მჭირდება თუ არა რეჟისურა?  ძირითადად არა, იმპროვიზირება მიყვარს – ერთი და იგივე ტექსტი შეიძლება, ყოველ ჯერზე, სრულიად განსხვავებულად წარმოვადგინო. არსებობს გამონაკლისებიც, როცა საქმე ეხება შედარებით კონკრეტულ და უფრო დიდ პერფორმანსს, მაგალითად,  ასეთი იყო « პასს პორტი ». ეს გახლავთ ჩემი და ეკატერინე სისფონტესის ერთობლივი იდეა.  ჩვენ ვართ იდეის დიზაინერები და შემსრულებელი არტისტები, რეჟისურა კი ეკუთვნის ცნობილ ბულგარელ პერფორმერს ტანა მანევას. საერთოდ მთელი ჯგუფი, რომელმაც ამ პერფორმანსზე იმუშავა,  არაჩვეულებრივი იყო. მაესტრო რიკარდ ბორგგორდი და განუმეორებელი ვიდეო არტისტი კოლენკა რამმი,   შვედური თეატრების განათების ვეტერანი შორტი… ესაა კონცეპტუალური პერფორმანსი – თამაში სიტყვისა და ბგერის, მოძრაობისა და ხმის ზღვარზე… როდესაც ხდება სიტყვის ბგერად ტრანსფორმირება და როდესაც ბგერა გადადის სხვა განზომილებაში,  სადაც ადგილი აღარ რჩება ადამიანური  სენტიმენტებისათვის.  როდესაც არენაზე შემოსვლას ცდილობს ახალი ენა, თავისი განსაკუთრებული სენსიტიურობით, თეატრალური აქცენტების გარეშე. ვფიქრობ, ეს ის მაგიურობაა,  რომელსაც თქვენ გულისხმობდით, რომლის გარეშეც  ჩემთვის წარმოუდგენელია თანამედროვე პოეზია და ხელოვნება…

 

 

 

 

რ.დ.: ვისაუბროთ თქვენს ტანსაცმელზე, რომელიც პერფორმანსისა და წარმოდგენების დროს გაცვიათ. ცალკეული სამოსი თქვენი გარდერობიდან თქვენს სათქმელს ამძაფრებს, ესენია ხოლმე თეატრის რეკვიზიტებიც. კაცი იფიქრებს, რომ მისტიურ რიტუალს ატარებთ. როგორ არჩევთ ამ ტანისამოსს?

 

ზ.რ: – მართალი ბრძანდებით, ტანსაცმელს განსაკუთრებული, ხშირად კი კონცეპტუალური დატვირთვაც აქვს  ჩემს შემოქმედებაში. მაგალითად, როდესაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალმა რევოლუციურმა მთავრობამ  მკვეთრად გადაუხვია თავიდან აღებულ კურსს და შეპირებული  დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად, ავტორიტარული რეჟიმის შენება დაიწყო, მეც შევიტანე გარკვეული ცვლილებები საკუთარ ჩაცმულობაში. მაშინ მე რამდენიმე წელი ფაქტიურად არ გამიხდია 30-ანი წლების საბჭოთა მილიტარისტული იუნიფორმა, რითაც ხაზს ვუსვამდი სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ჩემი იუნიფორმა იყო პასუხი ამ პოლიციური სისტემის მიერ საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლიან  რეპრესიებზე, რომლებსაც ასეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა…

 

ყველგან, სადაც მივდიოდი,  მეცვა სტალინის დროინდელი ეს სამხედრო ტანისამოსი, ყველა საპროტესტო აქციაზე თუ  თოქ შოუშივიდექი ამ მილიტარისტული მუნდირით და მკაცრად ვაკრიტიკებდი მოქმედ ძალადობრივ რეჟიმს, ბოლშივიკური დიქტატურის დროინდელი ტანისამოსი წარმოადგენდა პერმანენტულ პერფორმანსს, ზოგჯერ საერთოდ ხმა  რომ არ ამომეღო, ასეთი ჟესტით უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო …  გარდა ამისა,  პოლიტიკას რომ დავანებოთ თავი, ყოველთვის მიტაცებდა სხვადასხვა ეპოქის გარკვეული ტანისამოსი, რომელსაც აქტიურად ვიყენებ ჩემს პერფომანსებში, ხშირად დავდივარ რომელიმე ჩემი საყვარელი მუნდირით სტოკჰოლმის, ოსლოს, ბერლინის, კოპენჰაგენის ქუჩებში. ესეც გარკვეული ტიპის აქციონისტური თამაშია ალბათ, შეიძლება ითქვას თავისებური კვლევაც იმ კულტურული ზონების, სადაც მე მიწევს გამოსვლა როგორც არტისტს. ყოველთვის მაინტერესებს, რამდენად ღიაა საზოგადოება იმისთვის, რომ მიიღოს განსხვავებული ფორმა, ესთეტიკა. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიცოდე, მაგალითად, როგორია თანამედროვე საზოგადოების, თუ გნებავთ, პოეტური მგრძნობელობის ხარისხი, ამით შეიძლება ადვილად განისაზღვროს მისი, როგორც ახალი ადამიანის მზადყოფნა რადიკალური, მოულოდნელი ცვლილებებისათვის…

 

წარმოიდგინეთ,  რომ ადამიანებს ყოველგვარი კარნავალიზაციის გარეშე სურთ და შეუძლიათ ჩაიცვან ისე, როგორც მათ კარნახობს შინაგანი დიზაინერი და ეს ჩაცმულობა არანაირად არ ატარებს არც კლასობრივ, არც რელიგიურ-ეთნიკურ თუ   სხვა კონკრეტულ ნიშნებსა და მნიშვნელობას. ეს არის წმინდა პოლიფონიური ყოველდღიურობის აღლუმი, სავსე მოულოდნელი, თეატრალური სახეებით. ქუჩაში დადის ასიათასობით ადამიანი-პერფორმანსი, მისი დიზაინი მეტყველებს ასევე მისი შინაგანი განწყობების, დაფარული ისტორიებისა და ლეგენდების შესახებ. ადგილი აქვს მუდმივ ჰეპენინგურ მდგომარეობას, ცეკვა-მისალმებებს და პოეტურ აღფრთოვანებებს ერთმანეთის განსხვავებული შინაგანი თუ გარეგნული ვარიაციების მიმართ…  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტანისამოსისადმი ასეთი გახსნილი, ანარქისტული მიდგომით, შესაძლებელია უდიდესი გარდატეხების მოხდენა მსოფლიო საზოგადოების ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში… რევოლუციური გარდატეხის მოხდენა, რომელის უკანაც დგას არა პოლიტიკური ძალადობა, არამედ თანამედროვე ხელოვნება და ადამიანის თავისუფალი ნება…

 

 

 

 

 რ.დ.: თქვენი პოეტური გზის დასაწყისში გყავდათ თუ არა კერპები ან გეგულებოდათ ვინმე დიდ ოსტატად და გზის მაჩვენებლად, ვინც ორიენტირებაში გეხმარებოდათ თუ ავტოდიდაქტი ხართ?

 

 

 ზ.რ.: – დაახლოებით 45 წლის წინ მოხდა ჩემი პირველი სერიოზული შეხება   ქართულ პოეზიასთან დიდი ქართველი  რომნტიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის  დამსახურებით, მისმა „მერანმა“ ფაქტიურად განსაზღვრა ჩემი მთელი  შემდგომი პოეტური გზა, არტისტული ნება და ვნება… ბავშვობიდან ვერ ვიტან კერპებსა და კერპთაყვანისმცემლებს, სხვაა, როდესაც მოგწონს რომელიმე რეჟისორი ან კომპოზიტორი, ვინმე არანორმალური ქორეოგრაფი ან ანარქისტი მხატვარი, ეს სრულებით დასაშვებია და ბუნებრივი ჩემთვის, მაგრამ პოეტი პოეტისთვის შეიძლება იყოს  მხოლოდ კოლეგა, საუკეთესო შემთხვევაში მეგობარი, თანამოაზრე. ესაა და ეს. მოწაფეობის აღიარების აქტიც ძალზე დელეკატური ნიუანსია ამ შემთხვევაში, მაგრამ წინამორბედების პატივისცემა და მათი დამსახურებისა და მნიშვნელობის ხაზგასმა შემდგომი თაობების მხრიდან, აუცილებელია. ეს კი დამოკიდებულია ალბათ იმაზე, თუ  რამდენად მაღალი შინაგანი  კულტურა  და  თვითკმარი  ბუნება აქვს ადამიანს…

 

მე რომ მქონდეს საშუალება ქართული ავანგარდისტული ხელოვნების კატალოგის ან თუ გნებავთ პოეზიის  ანთოლოგიის შედგენისა, ზუსტად ვიცი, რომელი ავტორები მოხვდებოდნენ იქ ამ ნიშნით…

 

რ.დ.: თქვენთვის, როგორც იურისტისთვის, ადამიანური ბუნება უცხო არაა, საკმაოდ კარგად გაუსინჯეთ გემო და  ჩაწვდით ენისა და სიტყვის სიღრმესა და სიძლიერეს. შეგიძლიათ რაღაც მოვლენის, ფაქტისა თუ ადამიანის როგორც მხილება, ისე დაცვა და დანაკარგიც განგიცდიათ. პოეტი ზურაბი რამენაირად დავალებულია იურისტი ზურაბისაგან?

 

 

 

 

ზ.რ: -დღეს მე ვეღარ ვისაუბრებ იურისტის პოზიციიდან, ეს გადმოძახილი უფრო ჩემი წინა ცხოვრებიდანაა თითქოს. მე ვერ მოვასწარი ამ ამპლუაში რეალიზება და ალბათ არც მქონდა მსგავსი სურვილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ მთელი პოსტსაბჭოთა სისტემა კორუფციის ჭაობში იხრჩობოდა … როგორც სჩანს, ამ შემთხვევაში ის თავისუფალი არტისტი, რომელიც დიდი ხნის წინათ გაფორმდა ჩემში, ბევრად ძლიერი და მკვიდრი აღმოჩნდა, ვიდრე იურისტი … ალბათ უკვე  მოგვიანებით, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველს, გამომადგა ეს გარკვეული გამოცდილება ჩემი წინა ცხოვრებიდან. იურისტის თვალით დანახული და შეფასებული მოვლენა ბევრად უფრო მკვეთრია და დაცილებული წმინდა ემოციურ ფონს. ზოგჯერ აუცილებელიცაა, გესმოდეს იმ ენის საფუძვლები, რომლითაც გესაუბრება კანონს ამოფარებული მოძალადე …

 

 

 

 

რ.დ.:   ზურაბ, გვიამბეთ,  რა ბედი აქვს პოეზიას საქართველოში და პირადად თქვენს პოეზიას?

 

ზ.რ:  -: მინდა გითხრათ, რომ პოეზიას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართულ კულტურაში, ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ ქართველებს საკუთარი,  მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური დამწერლობა  აქვთ, რამაც ასევე განაპირობა მხატვრული ლიტერატურის ადრეულ სტადიაზე ჩამოყალიბება და განვითარება. დაახლოებით 2700 წლითაა დათარიღებული ანბანი, რომელზეც  დღემდე ჰქმნიან ჩემი თანამემამულეები, ხოლო მასზე ბევრად უფრო მეტი ხნისაა შესანიშნავი ქართული ეპოსი. რამდენადაც ჩემთვის  ცნობილია,  მისი ლიტრატურული გენეზისი თვით შუმერული გილგამეშიდან იღებს სათავეს … ალბათ  ბევრი საინტერესო რამის თქმა შეიძლებოდა კიდევ ჩვენი ევროპელი მკითხველისთვის ქართული ლიტერატურის ისტორიაზე,  უბრალოდ ჩვენი ინტერვიუს ფორმატი არ ითვალისწინებს ასეთ ექსკურსს  და მეც  არ მინდა განსაკუთრებით დავცილდე საუბრის ძირითად საგანს. ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული პოეზიის ზუსტი დეფინიცია დღემდე არ არსებობს, რასაც ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს. პირველ რიგში ესაა სოცრეალიზმის ფაქტორი, რომელმაც არ მისცა საშუალება ქართულ მოდერნიზმს სრულყოფილად დაეკავებინა თავისი კუთვნილი ადგილი XX საუკუნის მსოფლიო კულტურის კონტექსტში …

 

 

 

 

ჩვენი თაობა ქართულ ლიტერატურაში  90-იანელების სახელით შევიდა, თუმცა უკვე 80-იანების ბოლოდან ჩემი ლექსები ინტენსიურად იბეჭდებოდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში. ეს იყო დრო, როდესაც სრულიად ახალი ხედვა, ახალი ფორმები იკიდებდა ფეხს არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ  ზოგადად მთელს ხელოვნებაში, ამის პარალელურად კი პოზიციების დათმობას სულაც არ აპირებდა სოცრეალიზმის ატროფირებულ ნიშაში გამაგრებული თაობა , რომელსაც ინერციით ჯერ კიდევ მოსდევდა  გარკვეული გავლენა და საკმაოდ სოლიდური მატერიალური ბაზაც. უახლოესს წარსულში ეს კომკავშირელი და პარტიული მწერლები საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი წლით ადრე უცბად ტრანსფორმირდნენ ანტისაბჭოთა ავტორებად და დაიწყეს ლიტერატურული გამოცემების დანაგვიანება ყალბი პათოსით დაწერილი პატრიოტული ლირიკითა და სხვადასხვა კატეგორიის ბოდვით.  ასეულობით პოეტის ხელწერა და ინტონაცია ფაქტიურად არაფრით არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან . ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ყველაფერ ამას  ერთი ავტორი ჰყავდა. სიმართლე გითხრათ, მათთან რაიმე სერიოზულ  პოლემიკაში შესვლას  აზრი აღარ ჰქონდა, იმდენად საფუძველგამოცლილი და ცარიელი იყო ეს სივრცე   კონცეპტუალური თვალსაზრისით… შეინიშნებოდა მათ შორის ასევე  რამოდენიმე მეტ-ნაკლებად საინტერესო ავტორი, რომელიც პირობითად შეიძლება  მივაკუთვნოთ პროვინციული  ავანგარდის ესთეტიკაში მომუშავე  კატეგორიას. სამწუხაროდ, ამ პოეტებმაც საზოგადოებას თავი უფრო მეტად საკუთარი კონფორმიზმით დაამახსოვრეს, ვიდრე  პოეზიით. ისინი დღემდე მზად არიან, გარკვეული წახალისების საფასურად, ნებისმიერი ტიპის რეჟიმთან ითანამშრომლონ… ცალკე საუბრის თემაა ასევე ძველი თაობის რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოეტი, რომელიც დიდი რისკის ფასად გადარჩა, როგორც თავის ტრადიციაში მომუშავე ხელოვანი და როგორც პიროვნება…  ალბათ სწორედ ამიტომ, მხოლოდ 90-იანელები გახდნენ ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრეები იმ მოდერნისტული ესთეტიკისა და ეთიკის, რომელიც ჩაისახა ქართულ პოეზიაში გასული საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში და შეწყვიტა დროებით არსებობა  20-იანი წლების დასასრულისკენ… ბედნიერი ვარ, რომ მივეკუთვნები იმ თაობას, რომელმაც  რადიკალურად შეცვალა თანამედროვე ქართული პოეზიის ვექტორი. ავანგარდისტულ პრაქტიკებთან მიბრუნების თვალსაჩინო მაგალითი იყო 90-იანების დასაწყისში პოტების და არტისტების მიერ ერთობლივად ჩატარებული არაერთი მნიშვნელოვანი აქცია-პერფორმანსი, მათ შორის საგაზაფხულო დადასემინარები, გრანდიოზული გასტრონომიული ტურნე, დადა მეფე-პრეზიდენტის არჩევნები და სხვა … ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, 1993-94 წლებში, ერთ-ერთი პირველი პერფორმანს თეატრის დაარსება.  ცნობილმა ავანგარდისტმა პოეტმა და არტ კრიტიკოსმა დავით ჩიხლაძემ, ერთ სივრცეში, ერთად მოუყარა თავი  ფაქტიურად ამ თაობის თითქმის ყველა გამორჩეულ ახალგაზრდა პოეტსა და არტისტს. ეს იყო საკმაოდ დიდი გამოცდილება არა მარტო 90-იანელებისათვის, არამედ მისი შემდგომი თაობის არტისტებისათვისაც. არასოდეს დამავიწყდება 1996  წელი,  როდესაც დადა მეფე-პრეზიდენტის ამპლუაში, ცენტრალური ტელეარხის საშუალებით, დადას 80 წლის იუბილე მივულოცე ქართველ კოლეგებსა და ჩემს თანამოქალაქეებს. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დადაისტური პერფორმანსი, რომელიც  ამ ბოლო 24 წლის განმავლობაში  ჩამიტარებია, მას შემდეგ,  რაც 1993 წელს დადაარჩევნებზე ვიყავი არჩეული დადა-მეფე პრეზიდენტად. მერწმუნეთ, რომ, ხშირად, ერთი არტისტული აქციის ფარგლებში მოწყობილი არჩევნები ბევრად უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე ის, რომელსაც თავს გვახვევს სისტემა. 1993 წელს ჩვენმა თაობამ კიდევ ერთხელ გააკეთა თავისი სხვა, მთავარი არჩევანი, მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რომელი მაგისტრალით უნდა ემოძრავა თანამედროვე ქართულ ხელოვნებას. ჩვენ კვლავ ავიღეთ ყველაზე უკომპრომისო და ექსპერიმენტალური დადაკურსი, რომელიც ჩვენმა დადაწინამორბედებმა   წითელი არმიის ოკუპაციამდე ჯერ კიდევ XX საუკუნის 10-იან წლებში დაიწყეს… ყველა დადაისტი მეფეა და დედოფალი, პრეზიდენტია და მთავარსარდალი, ყველა, ვინც ცდილობს  თანამედროვე ხელოვნების მეშვეობით სისტემების მიერ შექმნილი რუტინა გაარღვიოს, ვინც უბიძგებს კაცობრიობას კვანტური ნახტომებით გადავიდეს ახალი ცნობიერების მდგომარეობაში, სადაც ყველაფერი უსასრულოდ გახსნილია და სადაც დადა პირობითობაც კი  თავის აზრსა და დადასიდიადეს ჰკარგავს…

 

 

 

 

საქართველოში ჩემი ახალი პოეზიის კრებული « პოეზიის დიქტატურა » ჯერ კიდევ რვა  წლის წინ უნდა გამოსულიყო , მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის ხელშეწყობით, ეს პროექტი რვა წლით გაიყინა, რაც ამ გადმოსახედიდან, ბევრად უკეთეს პოზიციაში აყენებს ჩემს ახალ ქართულ გამოცემას, რომელიც წელს დაიბეჭდება არაჩვეულებრივ საგამომცემლო  სახლში « ინტელექტი ». ეს პოზიცია ასეთი ვრცელი პაუზის მერე იმიტომაა უკეთესი, რომ ერთი მხრივ, დაგროვდა ბევრი ახალი სათქმელი და მეორე მხრივ, თანამედროვეობის თვალსაზრისით მოძველებული მასალაც  დღის წესრიგიდან ამოვარდა, ბევრი რამ გაიფილტრა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი  მისი დიდი კუმირის ვლადიმირ ლენინის მსგავსად ზოგჯერ ისე სჩადის დადაისტურ აქტს, რომ თავად ვერ აცნობიერებს ამას.  მაგალითად,  2006 წელს, მისი დამსახურებით, ჩემი პოეტური კრებული ერთ დღეში გაქრა ყველა წიგნის მაღაზიიდან და ჩემი პატიმრობის დასრულებამდე, ერთი თვის განმავლობაში, ტირაჟი სამჯერ გამეორდა. ასეთი სარეკლამო სამსახური ნამდვილი დადაისტური პერფორმანსია, რომლის ავტორიც გახლდნენ ჩემი პატიმრობაში ამყვანი ექსპრეზიდენტი და მისი ხელქვეითები. უბრალოდ დავამატებდი იმას, რომ ლენინი და მისი პატარა მიმბაძველებიც იყვნენ და არიან გაუცნობიერებელი დადაისტები და ისიც გამონაკლისს შემთხვევებში… მე ასევე დადამადლობას გამოვუცხადებდი დადაშინაური ფრინველების ფერმის გამგესა და მის პერსონალს, რომელიც  ლიტერატურული საზოგადოების ჩემგან იზოლირებას ცდილობს. ეს ძალზე დასაფასებელი დადააქტია, რადგან  ჩემი და ჩემნაირი  არტისტების ადგილი ნამდვილად არაა ამ სტერილურობამდე დახვეწილი კულტურის მუშაკების გვერდით. ასე იყო კომუნისტების დროიდან მოყოლებული და დღესაც ასეა…

 

 

 

 

რ.დ.:ხომ ვერ წაგვიკითხავდით რამდენიმე სტრიქონს აი ისეთს, თქვენი გულის სიღრმიდან რომ მოდის და თქვენ დაგახასიათებთ  და თქვენს შესახებ ადამიანს წარმოდგენას შეუქმნის?

 

ზ.რ.:

მზეო ამ სიზმრის

მზეო არა თავისუფლების

არ ყოფნის მზეო

ზავის მზეო

მზეო ყირმიზო

ასწიე თაჯი ცხელ კეფაზე ,

სივრცე არ მყოფნის ,

რომ მკერდზე კვართი მოვიზომო

და

გავიზმორო …

იოლი არაა, მოძებნო რამოდენიმე სტრიქონი, რომელიც მიახლოებით მაინც დახატავდა შენს ავტოპორტრეტს, მაგალითად ჩემი პოეზიის შემთხვევაში, ერთი ლექსი იშვიათად ჰგავს მეორეს, შესაბამისად განწყობებიც ხშირად იცვლება. ამ ნაწყვეტიდან, რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გარკვეული ტიპის ინფორმაცია  ჩემს  ზოგიერთ პიროვნულ თავისებურებაზე, ასეთი თავისებურება კი საკმაოდ  ბევრია და სხვადასხვა მიმართულებით არის გაშლილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსს შემთხვევაში,  ვერც ერთი და ვერც ორი ვერბალური ფორმის ნაწარმოებით ვერ შემოვიფარგლებით. როგორც იცით, არტისტი ვარ,  ჩემი ინტერესები არაა კონცენტრირებული მხოლოდ ერთ კულტურულ ველში, პირიქით, მე ვმოქმედებ და ვქმნი სხვადასხვა კატეგორიის ენების გადაკვეთაზე. ალბათ ასეთ დროს,  აქ და ასეთ ნიუანსებში  იკვეთება  ჩემი  პიროვნული თვისებები და პოეზიაც …

 

რ.დ: – დღევანდელ სამყაროში და ამ ახალ, ბარბაროსულ ყოფასა და პლუტოკრატიაში პოეტებსა და ფილოსოფოსებს, როგორც პოლიტოლოგებსა და სოციოლოგებს ისე უნდა დავეკითხოთ აზრს, რათა  საზოგადოების მეხსიერება და მენტალური სიჯანსაღე შევინარჩუნოთ ან ხელახლა მოვიპოვოთ. თქვენ (პოეტები და ფილოსოფოსები) ხართ ისინი, ვინც ადამიანურობის სადარაჯოზე დგახართ და ფხიზლობთ. პოეტები არიან დევნილები. მათი ბუნების გამო, მაგრამ იმის გამოც რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა რეჟიმმა ამაზე „იზრუნა“. ჟურნალი „Le Monde Diplomatique” პარიზში რეგულარულად გვაცნობს  იმ  პოეტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარ თავს საფრთხეში იგდებენ, რომლებსაც დიქტატურა და ცენზურა  აკონტროლებს, ცენზურის ქვეშ ატარებს და მათ წინააღმდეგ განაჩენი გამოაქვს. თქვენ ამჟამად სტოქჰოლმში ცხოვრობთ და  პოლიტიკური დევნილის სტატუსი გაქვთ. თქვენ ხართ პოლიტიკური დისიდენტი, დევნილი საკუთარი ქვეყნიდან არა? მაინტერესებს, თქვენ პირადად, როგორც მოქალაქე იდევნებოდით  თუ იდევნებოდა  თქვენი პოეზია, როგორც სამყაროსთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო საშუალება?

 

ზ.რ.: – არსებობენ პოეტები, ფილოსოფოსები, არტისტები, რომლებსაც   გამორჩეული, საინტერესო  როლი ხვდათ წილად  – ისინი იკვლევენ აკრძალულ, ტაბუდადებულ ტერიტორიებს, იცავენ სამოქალაქო სივრცეს ფანატიზმისგან, შედიან პირდაპირ კონფრონტაციაში ხილულ და უხილავ ინკვიზიციასთან და რაღა თქმა უნდა ჰქმნიან დოკუმენტაციას ჩატარებული შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ, იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც მათ მიიღეს ამ უნიკალურ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობისას …

 

მოპირდაპირე სივრცეში გვხვდება ასევე მენტალურ მუშაკთა კატეგორია, რომელიც თავისი სტატუსით უფრო მიმდინარე კულტურული პროცესების მკვლევართან   დგას ახლოს, ვიდრე მწერალთან ან არტისტთან. ეს ადამიანები გარკვეული მატერიალური კომპენსაციის საფასურად თავდაუზოგავად ემსახურებიან ნებისმიერი ტიპის რეჟიმს, ვიდრე ეს უკანასკნელი ფლობს მართვის სადავეებს… ყველა ხელისუფლებას სჭირდება ეფექტური რუპორი მისი პოლიტიკური და სოციალური დემაგოგიის გასახმოვანებლად. ყველა რეჟიმს სჭირდება ასევე რამოდენიმე მართული სკანდალისტი ინტელექტუალი, რომელიც საჭირო დროს, ამ რეჟიმისთვის,  მეხამრიდის ფუნქციას შეასრულებს და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ყურადღებას ოსტატურად გადაიტანს ნაკლებად მწვავე,  სოციალურ ან პოლიტიკურ თემაზე …

 

შუა საუკუნეების ევროპაში თავისუფალი პოეტური იდეის მატარებლები  იყვნენ ტრუბადურები ხოლო აღმოსავლეთში რინდები, სუფიები, სწორედ მათი ტრადიციების გამგრძელებელია თანამედროვე პოეტი და არტისტი და არა რომელიმე ფეოდალის კარზე მომუშავე მელექსეების, კალიგრაფებისა და დიზაინერების,  ეს სულ სხვა, პრინციპულად განსხვავებული ჯგუფია ადამიანების ვინც საფუძველი დაუდო მიმიკრიის ტრადიციას ოფიციალურ კულტურებში, რომლებსაც ნებისმიერი სისტემა იყენებს საკუთარი,  ვიწრო პოლიტიკური ან კიდევ  სხვა ინტერესებისათვის…

 

 

 

 

პირადად ჩემი დევნის მთავარ მიზეზად, ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის რეჟიმების მხრიდან, იქცა კრიტიკული სამოქალაქო პოზიცია და ბუნებრივია პოეზიაც, რომელშიც  ჩემი მათდამი კრიტიკა კიდევ უფრო მწვავე ფორმით გაჟღერდა… რაც არ უნდა სოციალურად ან პოლიტიკურად აქტიური იყოს პოეტი, არტისტი, იგი მაინც არ არის კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი, ამიტომაც მის წინააღმდეგ ანტიპიარის აგორება ბევრად რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც და როცა  მას ვერ ამხელენ კორუფციულ გარიგებაში ან რომელიმე არაპოპულარულ პოლიტიკურ ინტრიგაში, მაშინ, რეჟიმის დავალებით, სპეცსამსახურები  ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეტევაზე გადადიან.  ამ დროს ისინი იყენებენ ყველანაირ ბინძურ ხერხებს, მაგალითად აშანტაჟებენ და თავს ესხმიან შენს უახლოესს გარემოცვას, გიგზავნიან სპეცაგენტსა და  ათასნაირი ტიპის პროვოკატორს ორგანიზაციაში, სამსახურში.  ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება როდესაც ორ ჩემს მეგობარ პოეტთან დავით ჩიხლაძესა და შოთა დიღმელაშვილთან ერთად  ოპოზიციური პარტიების მიწვევით, ბათუმში ვიმყოფებოდი.  იქ ჩვენ  ერთობლივად ჩავატარეთ საკმაოდ ეფექტური პოეზიის საღამო, ღონისძიების შემდეგ კი მასპინძლებმა განგვათავსეს ადგილობრივ სასტუმროში, სადაც  ერთი შეხედვით, ჩვენს მიმართ დიდი სიმპატიით განწყობილი ადამიანი გამოგვეცნაურა. იგი დიდი აღფრთოვანებით საუბრობდა  ლიტერატურულ საღამოზე, თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი ლექსების ციტირებასაც კი ახდენდა  და გამალებით გვეპატიჟებოდა სასტუმროს ბარში.  გადავწყვიტეთ, თავად მიგვეპატიჟებინა ეს ადამიანი მაგიდასთან და  ცივი  ლუდით გავმასპინძლებოდით. რამოდენიმე ჭიქის შემდეგ ბათუმელი თაყვანისმცემელი უფრო მეტად გაგვითამამდა და შემოგვთავაზა, დრო გაგვეტარებინა რამოდენიმე ლამაზ გოგონასთან ერთად,  რომლებიც მისი თქმით, იქვე, ჩვენს მეზობელ ნომერში გველოდებოდნენ. სიმართლე გითხრათ, მე ადრევე შევიტანე ეჭვი ამ ადამიანის გულწრფელობაში, განსკუთრებით მაშინ,  როდესაც მან ჩემი საკმაოდ გრძელი ლექსი წაიკითხა ზეპირად და შეუცდომლად. ეს იყო ლექსი, რომელსაც დღემდე წიგნიდან ვკითხულობ, როდესაც  აუდიტორიის წინაშე გამოვდივარ. საუბრის დროსაც ვგრძნობდი მისგან რაღაც ენით გამოუთქმელ სიყალბეს, მაგრამ გოგოების თემა იყო ამ პროვოკაციული სპექტაკლის კულმინაცია, რის შემდეგაც ამივარდა ისტერიული სიცილი.  არტისტისგან ასეთი არაადეკვატური რეაქციით შეცბუნებული და ნაწილობრივ შეურაცხყოფილი პოეზიის მოყვარული კონტრშეტევაზე გადმოვიდა და ბრალი დაგვდო იმაში, რომ ჩვენ მას არ ვენდობოდით, რაზეც მე, ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარეშე, მივუგე, რომ მოცემული ვითარების გათვალისწინებით,  მართლაც გვქონდა ბევრი მიზეზი იმისთვის, რომ ეჭვი შეგვეტანა ნებისმიერ უცნობ ადამიანში. ასეც რომ არ იყოს, სექსინდუსტრიის მომსახურეობით არ ვსარგებლობთ-თქო,  დავამატე ბოლოს და მეგობრებთან ერთად სწრაფად გავეცალე იმედგაცრუებულ სპეცაგენტს, რომელსაც მოგვიანებით კიდევ არაერთხელ შევხვდი, უკვე სხვა ისტორიების ფარგლებში…

გესმით ალბათ რას ისახავდა მიზნად ეს პროვოკაცია –   სპეცსამსახურში იფიქრეს, რომ ჩვენთვის, პოეტებისათვის არაფერი ადამიანური უცხო არ იქნებოდა  და შექეიფიანებულები სექსუალურ თავგადასავალზე მათ აგენტს იოლად დავთანხმდებოდით. შემდეგ კი, იქ, უცნობ გოგონებთან გათამაშებული ინტიმური სცენები, ფარული კამერით  იქნებოდა გადაღებული და ამგვარად  ხელთ ექნებოდათ  მაკომპრომიტირებელი მასალა, რომელსაც შემდეგ  ჩვენი შანტაჟისა და დისკრედიტაციის მიზნით, ადვილად გამოიყენებდნენ…

 

 

 

 

ეს არის  ერთ-ერთი, შედარებით ყველაზე უწყინარი ისტორია,  რაც გადამხდა სახელმწიფო სპეცსამსახურებთან   შეხებისას. აღარ მინდა დეტალურად გავიხსენო ის საშინელი ეპიზოდები, რომლებიც  ჩემი ოჯახის წევრებზე თავდასხმებს უკავშირდება და ათასგვარი ტიპის მუქარა, რომელიც მათი მისამართით   გამუდმებით  ისმოდა მობილური ტელეფონიდან თუ ინტერნეტ გზავნილებიდან… რომ არა საერთაშორისო პენის და აიკორნის (ICORN International Cities of Refuge Network) სამაგალითო, მე ვიტყოდი, გმირული აქტიურობა შვედეთის ხელისუფლებასთან ერთად, ჩემი ოჯახი ვერ მოახერხებდა შვედეთში უსაფრთხო  ჩამოსვლას, რადგან სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა ყველაფერს,  იმისთვის რომ ჩემს მეუღლესა და შვილს საქართველო არ დაეტოვებინათ. ოჯახის წევრების მძევლად აყვანა კლასიკური შემთხვევაა  ყველა ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმის პირობებში…

 

პლუტოკრატიაზეც გეტყვით ორიოდე სანუგეშო სიტყვას ფუტურისტი არტისტის გადმოსახედიდან. ვფიქრობ, დღეს აღარ დარჩა პლანეტაზე სახელმწიფო, რომელსაც პირდაპირი თუ ირიბი გზებით ტრანსნაციონალური კორპორაციების მესვეურები არ აკონტროლებდნენ. თანამედროვე მსოფლიოში რეალური ძალაუფლება მათ ხელშია, ვინც   ფლობს ფართო საზოგადოებაზე ფინანსური ზემოქმედების ბერკეტებს. ამგვარად,  ხელისუფლებების უმრავლესობას  მსოფლიოში მხოლოდ ნომინალური ფუნქცია აქვს. ზოგჯერ ისინი დამოუკიდებლად ელემენტარულ საკითხებსაც ვერ წყვეტენ და ხშირ შემთხვევაში საკუთარი მოქალაქეების ნებას-სურვილსაც ვერ გამოხატავენ. ეს ხელისუფლებები არიან მსოფლიოში უმსხვილესი კოორპორაციული გაერთიანებების მძევლები და უარესს შემთხვევაში მათი დაქირავებული მუშაკები ლოკალურ, სამომხმარებლო ბაზარზე… მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ,  რომ ასეთ, ერთი შეხედვით, გამოუვალ სიტუაციაშიც კი, შეიძლება ადამიანმა დაინახოს მისთვის  იმედის მომცემი ნიუანსი,  რომელიც საფუძვლიანად   შეცვლის მის მსოფლმხედველობასა და გადააქცევს მას ზედოქტრინალურ, ზეკულტურულოგიურ  ცნობიერებად,  რომელშიც აღარ იარსებებს მატერიალური სამყაროს მიერ აგებული ღირებულებების შკალა …

 

მჯერა, რომ ეს დრო მალე დადგება და  მაშინ ჩვენ გაგვახსენდება ერთი ოკულტისტი პოეტის სიტყვები და ცხადი გახდება, რომ ხუთიც ისეთივე უსასრულოა, როგორც ერთი და სამი და თუ შენ ეს ნამდვილად გესმის, მაშინ ალბათ ბევრად იოლად  გაიგებ ადამიანურ პოეზიასაც, მის ტკივილსა და შეუძლებელის გადალახვის შესაძლებელ ვერსიებზე დაფიქრდები … ესაა  შემოქმედებითი ენერგიის თვისება, ციფრებით ადამიანი ხშირად მოკლედ ამბობს იმას, რის თქმასაც რამოდენიმე წინადადებაში ვერ ახერხებს … მაგალითად, მარსელ დიუშამპის პისუარი შეიძლება გაიყიდოს დღეს 1000 0000 აშშ დოლარად ან უფრო  მეტად… რაც ყველაზე ანტიდადაისტური პერფორმანსი იქნება ან პირიქით ყველაზე დადაისტური ჟესტი. ორივე შემთხვევაში მუშაობს ეს პროვოკაცია და რაც მთავარია მიგვანიშნებს  მატერიალისტური  ეპოქის კრიზისსა  და მისი დასასრულის მოახლოებაზე … თუმცა ციფრების გარეშე გაუჭირდებოდა ადამიანს ახალი ტექნოლოგიების გამოგონება და ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს პოეტური აზროვნების განსაკუთრებულ,  მათემატიკურ ფორმასთან,  რომელიც ბუნებრივია განსხვავდება წმინდა ვერბალური სენტიმენტალიზმისგან …

 

 

 

 

რ.დ.: – 2003 წელს საქართველოში მოეწყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც პრეზიდენტი შევარდნაძე აიძულა, გადამდგარიყო. რატომ აქვს ამ რევოლუციას ასეთი პოეტური და მელოდიური სახელი? უკვე მერამდენეჯერ სისხლიან რევოლუციებს ყვავილებისა და ფერების სახელებს არქმევენ… გავიხსენოთ თუნდაც ტუნისის მასობრივი დემონსტრაციები, რომელსაც ჟასმინის რევოლუცია უწოდეს…უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუცია იყო, ირანში მწვანე რევოლუცია. ეს რა, მარკეტინგის ნაწილია მხოლოდ თუ კიდევ რაიმე სხვა?

 

ზ.რ.: – სახელი მართლაც არა აქვს ცუდი და უსისხლო რევოლუციის იდეაც არაა ურიგო, პირიქით, საერთო სახალხო ამბოხების შემთხვევაში ეს ყველაზე სწორი გამოსავალია, თორემ ძალადობრივი რევოლუციური ბრძოლის გზაზე, IXX საუკუნის მეორე ნახევარში, ჯერ კიდევ ანარქისტებმა თქვეს უარი.  სხვათა შორის, ვარდების რევოლუციის დროს, პარლამენტის წინ, ჩემი ანარქისტული დროშით დავდექი, რამაც დიდი გაღიზიანება გამოიწვია საკააშვილის მომხრეების მხრიდან, საქმე შეხლა-შემოხლამდეც კი მივიდა… ამით იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა თავიდანვე არსებობდა. ნეოლიბერალებს არ უნდოდათ, რომ ანარქისტული სიმბოლიკა გამოჩენილიყო ამ მასშტაბური ბუნტის დროს და რაც მთავარია არ სურდათ რომ ეს დაეფიქსირებინა უცხოურ მედიასაშუალებებს, მაგალითად BBC-ის ან CNN-ს, რომლებსაც პირდაპირი ჩართვები ჰქონდათ რევოლუციის ეპიცენტრიდან… შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების პოლიტიკურ საიქიოში გაშვება, 2003 წელს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს სურდა და ამიტომაც შემოქმედებითი ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა მხარი დავუჭირეთ ხავერდოვან, ერთი შეხდვით, არაძალადობრივ  რევოლუციას, მხარი დავუჭირეთ პირველ რიგში იმ ცვლილებებს, რომლებსაც მისგან მოველოდით. ჩვენი ინიციტივით შეიქმნა დაუმორჩილებლობის კომიტეტი, რომელშიც შემავალი მწერლები და არტისტები ჯგუფებად დადიოდნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და ადგილობრივ მოსახლეობას, სპეციალურად ორგანიზებულ ხალხმრავალ საღამოებსა და შეხვედრებზე რევოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ…

 

 

 

 

თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ მართული, იმიტირებული დემოკრატია ე.წ. guided democracy, რომელიც მალევე  ჯერ ავტორიტარულ რეჟიმსა  და შემდეგ ერთი  პარტიის მიერ მართულ დიქტატურაში გადაიზარდა… ვარდების ფონზე აფრიალდა ასევე ახალი ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც თავიდან ნაციონალური მოძრაობის სიმბოლო იყო,  შემდეგ კი  სახელმწიფო დროშად გამოცხადდა.  ალბათ ხედავთ, რომ აქ გარკვეული მისტიური სიმბოლოკაც გამოიკვეთა, რასთანაც უყვართ ტრადიციულად თამაში სხვადასხვა ტიპის დიქტატორებს… ამ შემთხვევაში სააკაშვილი და მისი ჯგუფი შესაძლოა როზენკროიცერულ კვალზე აკეთებდა მინიშნებას… სხვათა შორის  მსგავსი პრაქტიკა საქართველოსთვის არაა უცხო. ჯერ კიდევ XII საუკუნეში, გადმოცემის თანახმად, ქართველმა მეფემ დავით აღმაშენებელმა დიდგორის ცნობილი ბრძოლის დროს დახმარება სთხოვა ევროპელ მონარქებს, მათ შორის ტამპლიერთა ორდენს. მართალია რიცხობრივად სამხედრო დახმარება არ იყო დიდი, მაგრამ მას ჰქონდა დიდი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა ქართველებისთვის. დამპყრობელი თურქების კოალიციური ლაშქარი ქართულ ჯარს რაოდენობრივად თითქმის სამჯერ აღემატებოდა…

 

ეს ბრძოლა ქართველების  გამარჯვებით დასრულდა და შეტანელია მსოფლიო სამხედრო ისტორიაში, როგორც მილიტარული (მხედართმთავრული)   ოსტატობის ერთერთი სანიმუშო მაგალითი… არ ვიცი ჰყავდა თუ არა ფერადი რევოლუციების პროექტს რომელიმე კონკრეტული ავტორი, თუმცა ფაქტია, რომ ხალხის ნება-სურვილის გარეშე,  მათი გათამაშება შეუძლებელი იქნებოდა… ცხადია, გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ისარგებლეს ქვეყანაში არსებული  მძიმე სოციალური ფონით და ხმამაღალი, პოპულისტური დაპირებები საკმარისი აღმოჩნდა, რომ საზოგადოების უმრავლესობა რევოლუციურ პროცესებში ჩართულიყო. ხალხი გაიტაცა საჯარო დაპატიმრებების რევანშისტულმა შოუმ რომელსაც ყოველდღე აწყობდა რევოლუციური მთავრობა. ძველი რეჟიმის უამრავი კორუმპირებული ჩინოვნიკი იქნა დაპატიმრებული, მათ ჩამოერთვა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონება, რომელიც უნდა მოხმარებოდა საქართველოში უმძიმესი სოციალური ფონის გაჯანსაღებას, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა … როდესაც ამოიწურა დასაჭერი ჩინოვნიკების რიცხვი, რეპრესიის ალი გადაედო თავისუფალ ბიზნესს, ჯერ მსხვილსა და შემდეგ საშუალოს, ბოლოს კი, ლამისაა მზესუმზირის გამყიდველ ბებიებსაც იჭერდნენ… პოსტრევოლუციურ ქვეყანაში ტოტალურმა ტერორმა დაისადგურა. სააკაშვილის რეჟიმი უხეში, ძალისმიერი მეთოდებით ახშობდა ნებისმიერ, მის წინააღმდეგ გაჟღერებულ კრიტიკას. ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა არასასურველი მედიასაშუალებები , პირდაპირი ეთერიდან პატიმრობაში აჰყავდათ  ტელე და რადიო ჟურნალისტები, პატარა დიქტატორი ტელეთერიდან მოუწოდებდა ძალოვან სტრუქტურებს ნულოვანი ტოლერანტობისკენ, რასაც  მთელი რიგი უმძიმესი დანაშაული მოჰყვა. პოლიციელები ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და გადამოწმების გარეშე პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ფიზიკურად ანადგურებდნენ  მათ მიერ დანაშაულის ჩადენის მცდელობაში ეჭვმიტანილ ადამიანებს. რეჟიმმა საკუთარი უკანონობის განსახორციელბლად, შექმნა სასტიკი დამსჯელი მანქანა, რომელსაც მე და ჩემმა მეგობრებმა თანასწორობის ინსტიტუტიდან სიკვდილის ბრიგადები ვუწოდეთ და  მათთან უთანასწორო ბრძოლაში ჩავებით…

 

 

 

 

რ.დ.: – თქვენი გახსნილი ბუნებითა და გაბედულებით როგორ აღიქვით ეს მომენტი?

 

 ზ.რ.:  თანასწორობის ინსტიტუტის დაარსება იყო  პასუხი იმ ტერორზე, რომელიც თავის საზოგადოებას გამოუცხადა სააკაშვილის რეჟიმმა. ეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია,  რომლის მთავარი სულის ჩამდგმელი იყო  შესანიშნავი მწერალი და არტისტი ირაკლი კაკაკაბაძე, 2006 წელს უცხოური ორგანიზაციების გამოკითხვით იმსახურებდა უფრო მეტ ნდობას მოსახლეობაში, ვიდრე ყველა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პატიები. დაახლოებით 4-5 წლის განმალობაში, სანამ ირაკლი და მე იძულებული გავხდებოდით დაგვეტოვებინა საქართვლო, თანასწორობის ინსტიტუტი მოსვენებას არ აძლევდა ოდიოზურ რეჟიმს, ხელისუფლებიდან წამოსულ ნებისმიერ ძალადობას ჩვენ ვპასუხობდით მწვავე საპროტესტო აქციებით, რაც ძირითადად ჩვენი დაპატიმრებით სრულდებოდა… 2006 წელს ერთ-ერთი დაპატიმრების შემდეგ, ისეთმა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი  მე და ჩემი მეგობრები სინდისის პატიმრებად გამოგვაცხადეს … ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით 2012 წელს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ , ასევე ამ კონკრეტულ საქმეს უკავშირდება ერთი ანტიჰუმანური მუხლის გაუქმება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსში …ეს ძალზე ვრცელი თემაა და ბევრის თქმა შეიძლება ამასთან დაკავშირებით , მე უბრალოდ ორიოდე სიტყვას დავამატებდი კიდევ, ჩვენი ბრძოლა დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ აგებული იყო მაჰათმა განდის არაძალადობრივ ფილოსოფიასა და მეთოდებზე, ჩვენ არ გამოვხატავდით არავითარ აგრესიას მაგალითად თუნდაც იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც ძალის გამოყენებით შლიდა თანასწორობის ინსტიტუტის აქციებს და გვაპატიმრებდა. პირიქით, ზედმეტი კომენტარისა და მოქმედების გარეშე  საშუალებას ვაძლევდით, დაედოთ ჩვენს ხელებზე ბორკილები,  რის შემდეგაც მორჩილად ვჯდებოდით საპატრულო მანქანებში…

 

როდესაც ჩვენ ვლაპარკობთ არაძალადობივ რევოლუციაზე, პირველ რიგში უნდა ვიგულისხმოთ განდის სატიაგრაჰას კონცეფცია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი დიდი ბრიტანეთის  იმპერიის დაშლას ჩაუყარა საფუძველი და ინდოეთს სისხლისღვრის გარეშე დაუბრუნა  დამოუკიდებლობა …

 

რ.დ.: ირაკლი ბერულავაცნობილი საერთაშორისო ჟურნალისტი, ბლოგერი, ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი ქართული რევოლუციის შემდეგ ამბობდა, რომთვითცენზურა, ზეწოლა  სახელმწიფო მხრიდან და დემოკრატიის შესუსტება დამნაშავეა იმაში, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში თავისუფალმა მედიამ და  ჟურნალისტიკამ ვერ გაიხარა (წნეხის ქვეშაა). თქვენ პირადად ვარდების რევოლუციამ მოგიტანათ სიტყვის თავისუფლება თუ ის მხოლოდ ყვავილების წვეულება გამოდგა?

 

ზ.რ.: -როგორც უკვე გითხარით, ვარდების რევოლუციამ მოიტანა ათეულობით გაუქმებული ტელე-რადიო კომპანია და არაერთი დაპატიმრებული ჟურნალისტი… მაგალითად, დამოუკიდებელი ტელეკომპანია 202-ის ჟურნალისტისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუს წამყვანის დაპატიმრების შემდეგ, ირაკლი კაკაბაძესთან ერთად, ფაქტიურად  ამ კომპანიის სტუდიაში ვცხოვრობდი, რომლის დაკავებასა და გაუქმებას ცდილობდა სააკაშვილი. უფრო მეტიც, ჩემი თანამებრძოლები ირაკლი კაკაკაბაძე და შემდგომ ლაშა ჩხარტიშვილი  ყოველ დღე ნონ-სტოპ რეჟიმში უძღვებოდნენ  ამ ტელეარხის პირდაპირი ეთერიდან თოქ შოუს, რომელმაც წინა ვერსიასთან შედარებით, ბევრად უფრო რადიკალური სახე მიიღო, მე თითქმის ყველა გადაცემაში ვიღებდი აქტიურ  მონაწილეობას ჩემს მეგობრებთან ერთად. ამან იმდენად გააღიზიანა მოქმედი რეჟიმი, რომ სპეცსამსახურები ჩვენს წინააღმდეგ პირდაპირ , ღია შეტევაზე გადავიდნენ. მანქანით მოძრაობისას გვიქმნიდნენ ავარიულ სიტუაციებს, მობილურ აპარატზე  გამუდმებით ისმოდა მუქარის ზარები და ბოლოს, როდესაც ვერ შესძლეს ჩვენი გაჩერება,  სპეც აგენტები, გვიან ღამით, ქუჩაში თავს დაესხნენ  ჩემს მეგობარს ირაკლის და გაუსწორდნენ ფიზიკურად. საბედნიეროდ ირაკლი გადარჩა, თუმცა მძიმე თავის ტრამვის გამო მოუწია სერიოზული ოპერაციის გაკეთება. აი ასეთი სახის სიტყვის თავისუფლება მოგვიტანა სააკაშვილის პოლიტიკურმა, სრულიად ოდიოზურმა ჯგუფმა…

 

რ.დ:თქვენ იმდროინდელი საქართველოს მთავრობა გდევნიდათ, გიჭერდათ და გზღუდავდათ. თქვენ ძალიან რისკავდით, აკრძალული იყავით და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდით. რას გერჩოდნენ? და თქვენ რის გამო აკრიტიკებდით მთავრობას? და რა შედეგი მოჰყვა ამ არასასურველ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში?

 

ზ.რ.: – რათქმა უნდა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც ის რომ მე და ჩემი ოჯახი თითქმის 8 წელია ვცხოვრობთ უცხო ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის მეორე სამშობლოდ იქცა. შვედეთმა ჩვენ შეგვიფარა და დაგვიცვა, გაგვიხსნა ასევე სხვა ტიპის პერსპექტივებიც, ახალი მეგობრები, პროექტები, არის ბევრი სხვა ნიუანსიც. რაც მთავარია, იმ ბრძოლამ, რომელიც მე ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვიწყე, გარკვეული შედეგებიც გამოიღო ქართულ სინამდვილეში, სააკაშვილის რეჟიმი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც წავიდა აქტიური პოლიტიკიდან. თუნდაც ის, რომ 300 000-მდე  პატიმრისა და პრობაციონერის საქმე ხელახლა იქნა განხილული და მათი დიდი ნაწილი განთავისუფლდა.

რ.დ.: – თქვენ არაერთი წიგნი გაქვთ გამოცემული („ირექცია“, „აპოკრიფი“ „ანარქია“)გადაღებული ხართ ფილმში „At the top of my voice“. საერთაშორისო კრიტიკა თქვენს შემოქმედებას დადაიზმს მიაკუთვნებს, თქვენ თვითონ რას ფიქრობთ, როგორ დაახასიათებდით თქვენს მიდგომას, თქვენს შემოქმედებით კრედოს?

 

ზ.რ.: – რატომღაც მგონია,  რომ  უკვე საკმაოდ ბევრი ვისაუბრე ჩემს შემოქმედებით კრედოსა  და ცალკეულ მიდგომებზე. არც კი ვიცი, რა დავამატო კიდევ, ზოგჯერ მეჩვენება რომ ვერბალურ ფორმებში მოქცეული ცნობიერება, მათ შორის პოეზიაც, ცოტა დამღლელი და  მოსაბეზრებელი ხდება ჩემთვის, განსაკუთრებით კი მაშინ,  როცა  ვამჩნევ გამძაფრებულ, სპორტულ ჟინსა და ინტერესს ზოგიერთ კოლეგას, რომელიც ცდილობს ფინიშამდე პირველმა მიირბინოს დამსახურებული ჯილდოსთვის. პოეზია? მე ასეთ სპორტის სახეობას არ ვცნობ, თუმცა სპორტიც შინაგანი პოეზიის და სიყვარულის გარეშე აღარაა სპორტი, არამედ მექანიკური მოძრაობების ერთობლიობაა, რისი გაკეთებაც დღეს ბევრად უკეთესად და ხარისხიანად შეუძლია ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ რომელიმე მანქანას, პოეზიას არ გააჩნია არც ასაფრენი ზოლი და არც დასაშვები ბილიკი, ეს დაუსრულებელი და მარად განახლებადი სულიერი  პროცესია, მოგზაურობაა ერთი განზომილებიდან მეორეში. დადაისტია ყველა ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს დღემდე არსებულ კულტურულ და მატერიალურ ღირებულებებს, ვინც  უარყოფს ყველანარი ტიპის სოციალური ფორმაციის არსებობის აუცილებლობას, ყველაფერი რაც ურყევი ჭეშმარიტებების მიღმა დგას, დადაიზმია … მე მომწონს ჯოკონდა,  რომელსაც დიუშამპმა ულვაშები  მიახატა. მე დადაისტი ვარ, დადაისტი რომელიც ახალ, ფუტურისტულ ხედვაში ეძებს ხსნას…

 

რ.დ.: – თქვენ ჩვენი ლიტერატურული ჟურნალის der Levure littéraireის მე-13 ნომრის  საპატიო სტუმარი ხართ. ნომრის თემააიყო ან იყო ნაწილი მთლიანისა“, რომელიც თქვენ ისე კარგად მიგესადაგებათ, თითქოს თქვენი მეორე ფეხსაცმელი იყოს. თქვენ რას გვეტყოდით ამ თემაზე?

 

ზ.რ: – არსებობს პოეზია, რომლის ციტირებაც პრაქტიკულად  შეუძლებელია,  მაგალითად ვედური ტექსტები რომ გააცნობიერო, აუცილებელია კარგად შეისწავლო უპანიშადები, მაგრამ ესეც არაა ამისთვის საკმარისი, თუ არ წაიკითხე ვედებში მოცემული მანტრები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, რაც  ხმოვან ნაკადს საჭირო ენერგიად აქცევს, რაც მიმართავს ვიბრაციებს სწორი მიმართულებით, რაც გამიჯნავს მის ხმოვანებას ხმაურისგან …

 

რა თქმა უნდა,  ხმაც და ხმაურიც ერთიანი სამყაროს შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ის რასაც მე პოეზიას ვუწოდებ, სწორედ ამ გამოკვეთილ, გამორჩეულ ხმოვანებაშია, რომლის შეგრძნებაცა და შემეცნებაც არ მიიღწევა მხოლოდ ვერბალური ნიშნებისგან შედგენილი ინსტრუქციის მექანიკური ამოკითხვით… ამავე დროს,  პოეზია უპიროვნოა,  როგორც ბრაჰმანი. ის შეიცავს ყველაფერს, მაკრო და მიკრო სამყაროს და საკუთარ თავსაც. ალბათ პოეტიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ხდება ამ ლიტურგიის განუყოფელი ნაწილი, დანარჩენ შემთხვევაში ის ზოგადი ხმაურის ჩვეულებრივი მსხვერპლია.

 

რ.დ: – და რას იტყვით მომავალზე? როგორი წარმოგიდგენიათ ხვალინდელი დღე? თქვენთვის პირადად და თქვენი ქვეყნისთვის?

 

ზ.რ.: –  იმისთვის რომ მივიდეთ ხვალინდელ დღემდე,  მეტ-ნაკლებად უნდა გავერკვეთ სად ვიმყოფებით დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით…

ალბათ უნდა გავაცნობიეროთ პირველ რიგში, რომ დასასრულს უახლოვდება ადამიანური ცივილიზაციის საკმაოდ ვრცელი პერიოდი.  ეს გახლავთ უხეში მატერიის , შეიძლება ითქვას  ქვის ხანა, რომელზეც არის დაშენებული  სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური, კულტურულ-ისტორიული ღირებულებები. ნაცვლად იმისა, რომ შევცვალოთ, ჩავანაცვლოთ ეს მოძველებული მოდელები,   ვცდილობთ მათ კორექტირებას  ან კიდევ უფრო უარესი, გვინდა მოდერნიზაცია მოვახდინოთ ამ მენტალური თუ სულიერი ბალასტის, შედეგად კი ვიღებთ არაპროგნოზირებად ჰიბრიდს, აპოკალიპტიკური გამოვლინებებით. იმის მაგივრად, რომ განვთავისუფლდეთ მითოლოგიური ცნობიერებისგან, ვცდილობთ ამ მითოლოგიური პერსონაჟების, სიმბოლოების მატრიალიზაციას, რასაც მოსდევს კატასტროფული შედეგები ყველა სფეროში:  მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები, ეკოლოგიური კატასტროფები, უკიდურესი რელიგიური ექსტრემიზმი შეზავებული სამხედრო ტერორიზმთან, დემოკრატიის სახელით წარმოებული ახალი ჯვაროსნული ომები, რომელთა უკანაც ტრანსნაციონალური კოორპორაციებისა და დიქტატორული სახელმწიფოების პირადი, ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები იმალება… საქართველო, ისევე როგორც სხვა შედარებით ახალგაზრდა სახელმწიფოები ამ გლობალისტური რყევების გარდა, რუსეთის  იმპერიალისტური აგრესიის მსხვერპლიცაა.  მისთვის თავის ისტორიულ ევროპულ ოჯახში დაბრუნება არის ძალზე მნიშვნელოვანი მისწრაფება. ეს კი უნდა განხორციელდეს ახალი, კვანტური ცნობიერებისადმი გახსნილობით, უახლესი, რევოლუციური ტექნოლოგიების დანერგვითა და  უნდა განთავისუფლდეს კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი, რომელიც ახალი ცნობიერების ვულკანს დაანთებს… გამახსენდა ერთი ჩემი ძველი ლექსი « მილენიუმი,  » რომელიც, ვფიქრობ, კარგად შეესატყვისება ამ თემას და ჩემს გარკვეულ სამოქალაქო და ფილოსოფიურ პოზიციებსაც გამოხატავს:

 

მილენიუმი

 

ოქროს ლომები სტოვებენ ღერბებს, ვარსკვლავის ქიმებს აქრობენ ტორით,

სამყარო შესძრა მძვინვარე დელგმამ, ისმის ფსალმუნი ლომების სწორი…

 

პრერიებს სტოვებს ოქროს პრაიდი, ტორს ტორი მისდევს მძიმე ტაატით,

და, გალაქტიკა მზეზე მარადი, ოქროს ლომების იქცა პარადად …

 

და, მირიადი კოსმოსის მუმლი გაცვეთილ კერპებს მტლად აქცევს უმალ,

და, ამერანი რომ იცავს დუმილს, მილენიუმზე დაანთებს ვულკანს!…

 

რ.დ: ძვირფასო ზურაბ, დიდი მადლობა თქვენი პასუხებისათვის და დიდი მადლობა, რომ ხართ ასეთი პიროვნება და ასეთი შემოქმედი.

 

ზ.რ: –  მეც მსურს ჩემი მხრიდან განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენს არაჩვეულებრივ ჟურნალში მოწვევისთვის ძვირფასო როდიკა და ასევე ვიტოვებ იმედს რომ ჩვენი თანამშრომლობა თავის პოზიტიურ წვლილს შეიტანს თანამედროვე ლიტერატურისა და ახალი იდეების პოპულარიზაციის საქმეში …

 

 

 

 

 

 

 

 

 

____________________________________________

 

ბიოგრაფია

ზურაბ რთველიაშვილი – ქართველი პოეტი, პერფორმანს-არტისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი დაიბადა 1967 წლის 16 ოქტობერს, ყაზახეთის ქ. ყარაგანდაში.  საშუალო განათლება თბილისში მიიღო და  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. 1987–1990 წლებში  აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა, დისიდენტურ მოძრაობაში.

 

ზურაბ რთველიაშვილმა მონაწილეობა მიიღო  2003 წლის ვარდების რევოლუციაში,  2005 წლის შემდეგ კი არაერთხელ გამოხატა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც პოსტრევოლუციური მთავრობა აწარმოებდა. ზურაბ რთველიაშვილი  იყო თანასწორობის ინსტიტუტის ერთ-ერთი ლიდერი. როგორც „სინდისის პატიმარი“ იგი რამდენჯერმე დააკავეს. 2009 წელს  ზურა რთველიაშვილმა  საქართველო პოლიტიკური დევნილის სტატუსით დატოვა და მას შემდეგ შვედეთში ცხოვრობს. 2012 წელს ზ. რთველიაშვილმა მაქსიმილიან ვოლოშინის პრესტიჟული პრემია მიიღო.

 

მისი  პირველი არტისტული დებიუტი დასავლეთ ევროპაში 2009  წელს, გოტებორგის წიგნს საერთაშორისო ბაზრობაზე შედგა. მისი პერფორმანსები გაიმართა უფსალაში, მალმოსა და დანიაში, გერმანიაში, სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებზე. რამდენიმე პერფორმანსი ჰქონდა ოსლოსა და ჰელსინკშიც.

 

პოეტისა და პერფორმანს-არტისტის საქმიანობასთან ერთად მან ბოლო წლებში რამდენიმე როლი ითამაშა სხვადასხვა ფილმებში. მათ შორის, 2011 წელს მთავარი როლი შეასრულა გერმანელი რეჟისორის  ჯულიან რადლმაიერის მხატვრულ ფილმში  „მოლანდება ევროპაში », რომელიც გერმანელმა კინოკრიტიკოსებმა „წლის საუკეთესო ალტერნატიული ჟანრის ფილმად » აღიარეს, ხოლო 2016 წელს როტერდამის კინოს საერთაშორისო ფესტივალსა და ბერლინალეზე შედგა იმავე რეჟისორის კიდევ ერთი წარმატებული ფილმის „ბიურგერული ძაღლის თვითკრიტიკა“ პრემიერა. აღნიშნულ ფილმში ზ. რთველიაშვილი ასევე ერთ-ერთ მთავარ,  სახასიათო როლს ასრულებს.

 

ზ. რთველიაშვილს ამ დროისათვის გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული, აქედან  ბოლო ორი „პოეზიის დიქტატურა“ (2014 წ.) და „150 000 მეგაჰერცი“ (2016 წ.)  შვედეთში გამოიცა. 2017-2018 წლებში დაგეგმილია მისი პოეტური კრებულების საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში გამოცემა. მის პერფორმანსები  და წიგნები  შვედეთში არაერთხელ მოხვდა ქვეყნის წამყვანი ჟურნალ-გაზეთების მთავარ ფურცლებზე.  მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ,  რუსულ, ირანულ, აზერბაიჯანულ და ბენგალურ ენებზე. სტოქჰოლმში არსებულ ავანგარდულ თეატრში  „GILJOTIN » დაიდგა ზურაბ რთველიაშვილის   „PASS PORT » – ექსპერიმენტული სპექტაკლი, სადაც გამოყენებულია საუნდ-პოეზიის, ნიუდენსისა და  ვიზუალური პოეზიის ელემენტები. აღნიშნულ თეატრში ზ. რთველიაშვილი დღესაც მოღვაწეობს.

 

 

როდიკა დრაგინჩესკუ: მწერალი, ლინგვისტი, საერთაშორისო ინტერნეტ-ჟურნალის LEVURE LITTERAIRE (საფრანგეთი, აშშ, გერმანია) დირექტორი.

 

 

 

 

 

 

 

Articles similaires

Tags

Partager